გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უარყო უკრაინის ნატო-ში მoწვევის შესაძლებლობა, რაც „გამარჯვების გეგმის“ პირველი პუნქტია და განაცხადა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ამის შესახებ მან ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა.
შოლცმა გაიხსენა, რომ ნატო-მ უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივაზე გადაწყვეტილება მიიღო ვილნიუსსა და ვაშინგტონში გამართულ სამიტებზე და, მისი აზრით, „ამის მიღმა რაიმე ახალი გადაწყვეტილების საჭიროება ჯერ არ არის“.
„ქვეყანა, რომელიც ომშია, არ შეიძლება გახდეს ნატო-ს წევრი, ეს ყველამ იცის, ამაში უთანხმოება არ არსებობს. ნატო-ში მიწვევა კი, როგორც წესი, სწრაფად ასოცირდება წევრობასთან“, - დასძინა მან.
გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში მოითხოვს დაბალანსებულ ქმედებებს, რაც, ერთი მხრივ, კიევის მხარდაჭერის გარანტიას იძლევა და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს, რომ ის არ გადაიზარდოს ომში მოსკოვსა და ნატო-ს შორის.
”ეს არის ის, სადაც მე ძალიან მკაფიოდ ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას და არ შევცვლი მას”, - ხაზგასმით აღნიშნა შოლცმა.