სამხედრო საკითხებში ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის ვარაუდით, შეერთებული შტატები საქართველოსთვის იარაღის მიწოდებას მარტივად არ დათანხმდება.
"საქართველოს ხელისუფლება უკვე დიდი ხანია (ომამდე და ომის შემდეგაც) თხოვს შეერთებულ შტატებს და დასავლეთს სამხედრო სფეროში დახმარებას, მათ შორის იარაღის მიწოდების კიუთხით, მაგრამ აშშ-ში ეს საკითხი პოლიტიკურ დონეზეა აყვანილი და იარაღის გაყიდვაზე ნებართვა არ გაიცემა ისე, თუ ვაშინგტონმა პოლიტიკური გარანტიები არ მიიღო", - განუცხადა სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" გაზეთ "კომერსანტის" ინფორმაციაზე კომენტირებისას და აქვე განმარტა, რომ საქართველოს შემთხვევაში აშშ-ისთვის პოლიტიკური გარანტია, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის წინააღმდეგ ძალის არგამოყენება შეიძლება იყოს.
ამასთან, სესიაშვილის აზრით, ნაკლებ სავარაუდოა ისიც, რომ შეერთებული შტატები საქართველოსთვის იარაღის "დიდი მასშტაბებით" მიწოდებაზე დათანხმდეს.
"აქ საუბარი შეიძლება იყოს მცირე ოდენობის დახმარებაზე. მაგალითად, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები მცირე ზომის იარაღები არ არის რომ ის რუსეთს დაუმალო ან სადმე შეინახო. ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების ნაწილის მიყიდვა კიდევ შესაძლებელია, მაგრამ ესეც პოლიტიკური გარანტიების შემთხვევაში", - დასძენს ირაკლი სესიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების მორიგი შეხვედრა ვაშინგტონში, 15 იანვარს გაიმართა. გაზეთ "კომერსანტის" მტკიცებით, მასზე მიხეილ სააკაშვილმა ამერიკელ კოლეგას საქართველოს შეიარაღებით დახმარება სთხოვა. გაზეთის ინფორმაციით, საუბარი იყო ჰაერ-და ტანკსაწინააღმდეგო სისტემების მიყიდვაზე.