"ლეიბორისტული პარტია" ქართველი სამართალდამცველების მიერ დაკავებული ებრაელი ბიზნესმენების რონ ფუქსისა და ზეევ ფრენკელის სასამართლო დარბაზიდან უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი გუგავამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს დამოკიდებულება ებრაელების მიმართ ნაცისტურია და ეს ბადრი პატარკაციშვილის ქონების უკანონოდ მისაკუთრებაშიც გამოიხატა.
"ჩვენ ისრაელის მთავრობას ოფიციალური წერილით გავუგზავნეთ, სადაც დაკავებული ბიზნესმენების მიმართ მხარდაჭერას გამოვხატავთ. მოვითხოვთ დაკავებული ფუნქსი და ფრენკელი სასამართლო დარბაზიდან უპირობოდ გაათავისუფლონ", - განაცხადა გუგავამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ებრაელი ბიზნესმენები ზეევ ფრენკელი და რონი ფუქსი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ავთანდილ ხარაიძისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით 14 ოქტომბერს დააკავა.
სამართალდამცავების ინფორმაციით, ისინი ხარაიძეს სთხოვდნენ ქართული მხარე დაერწმუნებინა, არ გაესაჩივრებინა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობას ბიზნესმენებისთვის 98 მილიონის გადახდა დაეკისრა.
ებრაელმა ბიზნესმენებმა საქართველოში საქმიანობა 1991 წელს, კომპანია "ტრამექსის" დაარსებით დაიწყეს.
მაშინდელი მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ კომპანიას საქართველოში ნავთობისა და გაზის გადამუშავების ექსკლუზიური უფლება მიენიჭა, თუმცა მათ ეს უფლება 1996 წელს ჩამოერთავთ.
ამის შემდეგ "ტრამექსმა" დაკარგული უფლების აღდგენის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. ბიზნესმენებმა პროცესი მოიგეს და საქართველოს მთავრობას მათთვის 98 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.