მთელი ევროპა, ახლა უკვე ევროკავშირის ელჩის სახით, გვაფრთხილებს, რომ ამ მთავრობასთან ურთიერთობა შეუძლებელია, - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ბაქრაძემ განაცხადა.
ლაშა ბაქრაძემ კომენტარი გააკეთა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე.
"მთელი ევროპა გვაფრთხილებს და დღეს კიდევ ერთხელ ევროპის კავშირის ელჩის სახით, რომ აი, ამ მთავრობასთან, რომელიც დღეს ჰყავს საქართველოს, ურთიერთობა შეუძლებელია. ჩვენ დავკარგავთ ჩვენს მეგობრებს, დავკარგავთ ჩვენს თანამებრძოლებს და საქართველო მოხვდება იზოლაციაში და საქართველოს არა აქვს არანაირი შანსი ამ ხელისუფლების პირობებში, გახდეს ევროკავშირის წევრი. ცხადია, რომ ჩვენ ვართ სერიოზული არჩევანის წინაშე. ასევე ცხადია ის, რომ რაც უფრო მეტი ხალხი მივა ამ არჩევნებზე, მით უფრო რეალური გახდება ხალხის გამარჯვება და "ქართული ოცნების" დამარცხება. ამის მაგალითად ელჩმა მოიყვანა მოლდოვაში ჩატარებული არჩევნები და რეფერენდუმი. რადგან ძალიან დაბალი იყო იქ აქტივობა, ამიტომაც ძალიან მყიფე იყო გამარჯვება, რომელიც მოიპოვეს პროევროპულმა ძალებმა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე, იყოს სრული მობილიზაცია და ასეთ შემთხვევაში ჩვენ, ქართველი ხალხი გავიმარჯვებთ და დავამარცხებთ იმ ჯგუფს, რომელმაც ჩახერგა ჩვენი განვითარებისა და კეთილდღეობის გზა", - განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, აუცილებლად წავიდნენ არჩევნებზე და უკეთესი მომავალი აირჩიონ თავიანთი ქვეყნისთვის და შვილებისთვის.
"ჩემთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის, გულსატკენია, როდესაც ვხედავ, რომ სხვა ქვეყნები წინ მიიწევენ ევროკავშირის წევრობისკენ, საქართველო კი, ნაცვლად ამისა, სულ უფრო შორდება ამ მიზანს. შეხედეთ, რა ხდება მოლდოვაში: ხალხი გავიდა, მიიღო მონაწილეობა რეფერენდუმში და აირჩია ევროპული მომავალი. სხვაობა ძალიან მცირე იყო, რაც ნიშნავს, რომ თითოეულ ხმას აქვს მნიშვნელობა. ამიტომ, გთხოვთ, წახვიდეთ არჩევნებზე და მისცეთ ხმა საკუთარ მომავალს და საკუთარი შვილების მომავალს", - ნათქვამია პაველ ჰერჩინსკის მიმართვაში ქართველი ხალხისადმი.