ENG / RUS       12+

ცეზარ ჩოჩელი: ის ოსებიც კი, რომელთაც განცალკევებით ყოფნა სურდათ, წუხილს გამოთქვამენ თვიანთი მდგომარეობის გამო

რესპოდენტის შესახებ

სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში ცეზარ ჩოჩელი შატილისა და მუცოს მკვიდრთ რეგიონში დაბრუნებას ურჩევს. ჩოჩელის ინიციატივით, სულ მალე ამ ადამიანებისთვის სპეციალური პროგრამა შემუშავდება და ისინი საოჯახო სასტუმროებში დასაქმდებიან.

_ ბ-ნო ცეზარ, კონფლიქტურ რეგიონებში რამდენად უსაფრთხოა მოსახლეობის ცხოვრება? ე.წ. დე ფაქტო რეგიონიდან თუ გადმოდიან?

_ ორი ხალხის შერიგებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. თუმცა უშუალოდ იმ ხალხთან მოლაპარაკება, ვინც ჩვენი ტერიტორია დაიკავა, შეუძლებელია. ესაა ხალხი, ვისთანაც პირადად ჩემთვის მოლაპარაკება წარმოუდგენელია, რადგან მათ ღირებულებები არ გააჩნიათ. ახალგორიდან ყოველდღე მოძრაობს 10 ერთეული ტრანსპორტი და ორი ხალხი ერთმანეთთან კონტაქტს ახერხებს. ოსები წუხილს გამოთქვამენ საკუთარი მდგომარეობის გამო, რა დღეშიც დღეს არიან. თვით ის ოსებიც კი, რომლებსაც საქართველოსგან განცალკევებით ყოფნა სურდათ, დღეს უკვე ნანობენ შეცდომას და ამას ქართულ მხარესთან კონტაქტისას არც მალავენ. მსურს, სრულიად საქართველოს შობა-ახალი წელი მივულოცო და ვისურვო, რომ 2011 წელი ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული იქნება.

_ მცხეთა-მთიანეთის რეგიონისთვის, ასევე, აქტუალურია დევნილების პრობლემა. თქვენთან დევნილთა კომპაქტური ჩასახლებებია. მათი პრობლემის მოსაგვარებლად რა კეთდება?

_ჩვენთან დევნილთა რამდენიმე მსხვილი დასახლებაა_წეროვანში, წილკანში, ფრეზეთში. წეროვანში მოვაწყვეთ სკოლა, საბავშვო ბაღი, სპორტული და საჭიდაო კომპლექსები. მათი მშენებლობა 2009 წელს დაიწყო და 2010-შიც გრძელდებოდა. დევნილებისთვის პირობების გაუმჯობესების მიზნით აშენდა ერთი წარმოებაც. მარტო წეროვანში, როგორც მინიმუმ, 25 კომერციული ობიექტია. სულ რაღაც ერთ კვირაში ან ათ დღეში წეროვანში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობა დასრულდება. ასევე, ვეხმარებით დევნილებით დასახლებულ სოფელ ფრეზეთს. აქ მოგვარებულია სკოლის პრობლემა. უახლოეს ხანში კი გვინდა პატარა ამბულატორიაც მოვაწყოთ. წყალი, გაზი კი ადგილზეა მიყვანილი. ამასთან, კეთდება სპორტული მოედანიც. რაც შეეხება წილკანს, ეს სოფელი რეალურად მიბმულია წეროვანზე, მათ შორის მანძილი 2 კილომეტრია. მომავალ წელს აქ სკოლა აშენდება.

_ რა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა 2010 წელს რეგიონში?

_ 2010 წელს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა რეგიონში. ერთ-ერთი გახლდათ ძველი მცხეთის რეაბილიტაცია. გარდა ამისა, ცალკეული რეგიონების მიხედვით, გზების, წყლის, გაზიფიცირების პროექტები განვახორციელეთ. ვმუშაობდით ინდივიდუალური გამრიცხველიანების პრობლემის მოსაგვარებლად მცხეთაში, დუშეთსა და ყაზბეგში, რაც განსაკუთრებულად მტკივნეული გახლდათ მოსახლეობისთვის. ამ საკითხზე მუშაობა 2011 წელსაც გაგრძელდება.

_ მცხეთის საბოლოო რეაბილიტაცია როდის დასრულდება?

_ მცხეთის რეაბილიტაცია 2011 წლის პრიორიტეტად ისევ რჩება. ჯერ მხოლოდ 20 A%-ია რეაბილიტირებული და 20 პროექტის რეაბილიტაცია მოვახდინეთ. ამასთან, მდინარე არაგვის გასწვრივ ვგეგმავთ ახალი ტურუსტული უბნის მოწყობას, საიდანაც მშვენიერი ხედები იქნება.

_ თავისი ცნობილი სანახაობებიდან გამომდინარე, ვგულისხმობ მცხეთას, ყაზბეგს, შატილს, მუცოს ხეობას, მცხეთა-მთიანეთის რეგიონი ალბათ კვლავაც რჩება ტურისტებისთვის მიმზიდველ ზონად.

_ დიახ. იმის მიუხედავად, რომ უკვე საკმაოდ აცივდა, ტურისტების ნაკლებობას არ ვუჩივით. პირიქით, შარშანდელთან შედარებით, მათი რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. წელს მაქსიმალურს გავაკეთებთ და ტურისტებისთვის ალბათ ბევრად უკეთესი იქნება არა მარტო მცხეთის, არამედ ყაზბეგის, შატილის დათვალიერებაც. უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ჩამოსული უცხოელები განსაკუთრებით მცხეთით ინტერესდებიან. მართალია, ისინი ძირითადად ზღვას მიაშურებენ ხოლმე, მაგრამ მაინც გამონახავენ დროს, თუნდაც მცირე ვიზიტის ფარგლებში, მცხეთას ეწვიონ.

_ საქართველოში მთიანეთის პრობლემატიკა კვლავაც მტკივნეულია. რა უნდა გაკეთდეს მთაში ძირძველი მოსახლეობის შესანარჩუნებლად?

_ არა მარტო მთაში, ბარშიც პრობლემები საკმაოდაა, თითქმის იდენტური პრობლემებია. გზები, წყალი, ენერგეტიკა, გაზიფიცირება თანაბარ ყურადღებას მოითხოვს. ამ მხრივ, მთის სოფლები უყურადღებოდ არ გვყავს დატოვებული და ბართან ერთად, თანაბრად ვცდილობთ პრობლემის გადაწყვეტას.

_ განსაკუთრებით სასწრაფო ჩარევას რომელი რაიონი საჭიროებს?

_ სწრაფ ჩარევას საჭიროებს შატილი, მუცოს ხეობა, სადაც უნიკალური ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია აუცილებელია. საინტერესოა, რომ ხევსურეთში ჩასულ ტურისტთა უმეტესობა, სწორედ მუცოს ხეობას სტუმრობს. ამდენად, ოჯახური ტიპის სასტუმროების მოწყობა აქტუალურია. ამასთან, ვფიქრობთ, ტურისტული ცენტრის მოწყობას. საამისოდ ცალკე პროექტზე ვმუშაობთ. ვიმედოვნებ, მუცოს ხეობაში წელს უკეთესი შედეგი გვექნება. ამ ხეობაში ცოტაა მოსახლეობა. ამდენად, ჩვენი სურვილია, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც მძიმე ზამთრის პირობების მიუხედავად, შატილსა და მუცოში დასახლებას გადაწყვეტს, სპეციალური პროგრამა შევიმუშაოთ და ისინი საოჯახო სასტუმროებში დავასაქმოთ. მათ გაცილებით მეტ სტიმულს მისცემს საოჯახო მეურნეობის მოწყობა და მცირე ზომის საოჯახო სასტუმროს არსებობა.

_ პატრიარქის ინიციატივით, საქართველოს ცალკეულ რეგიონებში ახალგაზრდა წყვილები უნდა ჩასახლდნენ, რომლებიც სოფლის მეურნეობას მიხედავენ. ამით რაიონების დაცარიალების მტკივნეული პროცესი შეჩერდება. როგორ შეაფასებთ ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას?

_ ვფიქრობ, ძირითადად მაინც სასურველი იქნებოდა, მუცოსა და შატილს იმ ადამიანთა შთამომავლები დაუბრუნდნენ, ვინც აქ ოდესღაც ცხოვრობდა. აქ მათ საკუთარი მიწები და მამაპაპეული ისტორიული ციხე-სიმაგრეები გააჩნიათ. თუმცა, თუ სხვა ადამიანებიც გამოთქვამენ სურვილს და ამ რეგიონში დასახლებას ისურვებენ, ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით. Uუწმინდესის წინადადება უაღრესად საინტერესოა. რაც უფრო მეტი ახალგაზრდა დამკვიდრდება სოფლად, შესაბამისად, მატერიალური დოვლათი შეიქმნება და საქართველოს სოფლის მეურნეობაც გაუმჯობესდება. ზოგადად, სოფლის მეურნეობის კუთხით საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია. ისიც რეალობაა, რომ ის ადამიანები, რომლებმაც მთა მიატოვეს, ხშირ შემთხვევაში, წინაპრების მიწასაც მოსწყდნენ და ქალაქშიც სამსახური ვერ იშოვეს. ამიტომ კარგი იქნება, თუ მშობლიურ მთებს დაუბრუნდებიან.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მანანა ნოზაძე

 

ავტორი: . .