"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია "მადაგონსა" და "ფარმა სახლს" რუსთავში ამომრჩეველთა მოსყიდვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.
კორძაიამ ბრიფინგზე წარმოადგინა ვიდეომასალა, საიდანაც ჩანს, რომ მოქალაქე "ქართული ოცნების" შტაბში მიღებულ 50 ლარიან ვაუჩერს "ფარმა სახლის" აფთიაქში ანაღდებს და შეღავათით სარგებლობს, ხოლო მოლარე ადასტურებს, რომ ასეთი ვაუჩერებით მათთან ბევრი მოქალაქე მოდის.
"გუშინწინ გავავრცელეთ ინფორმაცია რუსთავში ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტების შესახებ. "ქართულ ოცნებას" ამომრჩეველთა მოსყიდვაში ხელს უწყობდნენ სუპერმარკეტების ქსელი "მადაგონი" და სააფთიაქო ქსელი 'ფარმა სახლი". გუშინწინ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ორივე კომპანიამ დაიწყო კამპანია ენმ-ის წინააღმდეგ და აქეთ დაგვადანაშაულეს დეზინფორმაციის გავრცელებაში იმ დროს, როცა თავად არღვევენ კანონს. დღეს წარმოგიდგენთ დამატებით მტკიცებულებებს, ადაც ცალსახად და ნათლად დასტურდება ის, რომ "ფარმა სახლის" 50 ლარიანი ვაუჩერები რიგდება სწორედ "ქართული ოცნების" შტაბში.
ვიდეოჩანაწერიდან კარგად ჩანს, რომ მოქალაქემ 50 ლარიანი ვაუჩერით მოქალაქემ წამლები მას შემდეგ იყიდა, რაც ვაუჩერი მიიღო "ქართული ოცნების" შტაბში. ასევე, "ფარმა სახლის" მოლარე ადასტურებს, რომ ასეთი ვაუჩერებით ადამიანები მოდიან, ანაღდებენ ვაუჩერებს და სარგებლობენ 50 ლარიანი შეღავათით. კიდევ ერთხელ შევახსენებ საქართველოს ხელისუფლებას, შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, "ქართულ ოცნებას": მოახდინონ მყისიერი რეაგირება კანონდარღვევაზე და შეწყვიტონ ამომრჩევლის მოსყიდვა, იმიტომ რომ გუშინდელმა ღონისძიებამაც ("ევროპული მარში") კარგად აჩვენა, რომ ბიძინა ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას" ვადა გაუვიდა, ისინი 26 ოქტომბრის შემდეგ ვეღარ დარჩებიან ხელისუფლებაში და ვეღარ გააგრძელებენ კანონდარღვევებით ცხოვრებას", - განაცხადა თამარ კორძაიამ ბრიფინგზე.