დღეს ევროკავშირმა მკაფიოდ და გაჭრილად თქვა: ან დასრულდება "ქართული ოცნება", ან დასრულდება საქართველოს ევროპული მომავალი, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ნაცვლიშვილი გამოეხმაურა ევროპის საბჭოს განცხადებას.
"მკაფიოდ თქვეს დღეს ევროკავშირის ლიდერებმა და ეს განცხადება კიდევ ერთხელ გააჟღერა ელჩმა ჰერჩინსკიმ. მე მინდა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს სიმართლე და ამ სიმართლეზე დაფუძნებით გააკეთოს არჩევანი: დღეს ევროკავშირმა მკაფიოდ და გაჭრილად თქვა: ან დასრულდება "ქართული ოცნება", ან დასრულდება საქართველოს ევროპული მომავალი! არჩევანი ქართველ ხალხზეა. აი, ასე დგას საკითხი.
თუ არ გვინდა, რომ დასრულდეს საქართველოს ევროპული მომავალი და დასრულდეს საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, უნდა დავასრულოთ “ქართული ოცნება” 26 ოქტომბერს.
ყოველდღიურად ვხედავ და ვისმენ მოქალაქეების განწყობებს. არავის უნდა საქართველოს ევროპული მომავლის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასრულება, ამიტომ, ოცნებას მოუწევს, აიბარგოს.
მათ ჰქონდათ უზარმაზარი შესაძლებლობა და 12 წელი, ემსახურათ ამ ქვეყნისთვის, მათ ეს შესაძლებლობა რუსეთის სამსახურში გამოიყენეს. ამიტომ ოცნება დასრულდება. ქართველი ხალხი დიდ გამარჯვებას გაიფორმებს 26 ოქტომბერს", - აცხადებს ნაცვლიშვილი.
ევროპულმა საბჭომ მიიღო დოკუმენტი, რომლის თანახმად, "მთავრობის კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს".