გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე ახალციხის მუნიციპალიტეტში განხორციელებული საძოვრების ინვენტარიზაციის და მუნიციპალურ დონეზე დაგეგმვის პირველი საპილოტე პროექტის შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო. პროექტის ფარგლებში საძოვრების იდენტიფიცირება, კატეგორიზაცია, მათი მდგომარეობის და დეგრადაციის ტენდენციების შეფასება განხორციელდა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, წლების განმავლობაში საძოვრების მართვის კუთხით უამრავი პრობლემა არსებობდა, რომლის გადაჭრასაც სახელმწიფო საკანონმდებლო ბაზის შექმნით და საძოვრების სწორი მართვის მოდელების დანერგვით გეგმავს.
„საძოვრების მიმართულებით ქვეყანა აქტიურ რეფორმებს იწყებს; უპირველეს ყოვლისა, შემუშავდება საკანონმდებლო ჩარჩო, შემდგომ მოხდება საძოვრების მიმართულებით სისტემური ტიპის გარდაქმნა, რათა დეცენტრალიზების გზით საძოვრების მართვა უფრო მდგრადი და ეფექტიანი გახდეს. საძოვრების მოვლა და სწორი მართვა მის ხანგრძლივ პროდუქტიულ გამოყენებას შეუწყობს ხელს და, საბოლოო ჯამში, ფერმერის შემოსავლების ზრდას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.
პროექტის ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის 15 შერჩეული სოფლისათვის საძოვრების მართვის გეგმები მომზადდა, რომლებიც, თავის მხრივ, მეცხოველეობის მართვის სხვადასხვა მოდელის მდგრად და გრძელვადიან განვითარებას შეუწყობს ხელს. მიღებული შედეგებისა და გამოცდილების საფუძველზე შემუშავდა ტექნიკური სახელმძღვანელო, რომელიც სხვა რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში საძოვრების იდენტიფიცირებას, კატეგორიზაციას, ზონირებასა და საძოვრებით მოსარგებლეთა განსაზღვრას გაამარტივებს.
ახალციხის საპილოტე პროექტი სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) დაფინანსებული პროგრამის „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის (DiMMA) პროგრამა” ფარგლებში, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მიერ შემუშავდა.