ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას გამართულ დებატებზე და რეზოლუციის შესახებ, რომელიც დღეს უნდა მიიღონ, "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" მოლოდინი ევროპარლამენტში პროკრემლისტური ძალების არჩევაზე ფუჭი და ცრუ აღმოჩნდა.
"საქმე ის გახლავთ, რომ "ქართულ ოცნებას"იმედი ჰქონდა, რომ როდესაც ევროპარლამენტის არჩევნები ჩატარდა ივნისში, იქ მოვიდოდნენ ისეთი ძალები, ისეთი სუბიექტები და ინდივიდები, რომლებიც პროპუტინისტურად, პრორუსულად არიან განწყობილი და პარალელურად, ასეთი ადამიანები, როგორც წესი, იცავენ და ახმოვანებენ ხოლმე "ქართული ოცნების" პოზიციას. რა თქმა უნდა, ასეთი სუბიექტები აღმოჩნდნენ ევროპარლამენტში, მაგრამ არიან უკიდურეს უმცირესობაში და შესაბამისად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ევროპა, ევროპული ცივილიზაცია, მთლიანად, დასავლური სამყარო დგანან მთავარ ფასეულობებზე, როგორებიცაა დემოკრატია ღია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და კანონის უზენაესობა. "ქართული ოცნება", რომელიც არ იზიარებს ამ ფასეულობებს, რადგან მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ძალაუფლებას დაკარგავს, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ ფასეულობებთან. სწორედ აქედან უნდა ამოვიდეთ, როდესაც ვმსჯელობთ, რა ტიპის რეზოლუცია შეიძლება იყოს მიღებული და თუნდაც, გუშინდელი დებატებიც ადასტურებს იმას, რომ სამწუხაროდ, საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია, დაპაუზებულია და ასე იქნება მანამ, სანამ ქართულ ოცნებას არ გავუშვებთ სახლში, არ გადავიყვანთ ოპოზიციაში და არ ჩამოვაშორებთ ხელისუფლებას.
ყველაფერი ძალიან მარტივდება: ან სიღატაკე იზოლაციაში, ან კეთილდღება და განვითარება ევროპასთან ერთად - ეს არის არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს უნდა გააკეთოს", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.