საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ გორში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ საზოგადოებაში ბრაზი და მიუღებლობა გააჩინა.
„პირველად ამ წლების განმავლობაში, მე ვნახე გაბრაზება და მზაობა იმის, რომ შეურაცხყოფას, რომელიც განსაკუთრებით მოვიდა გორში ივანიშვილისგან ბოდიშის შემდეგ, ამაზე რეაქცია არის ძალიან ნათელი. რამდენად ტრაგიკულიც არ უნდა იყოს, თითოეულ ოჯახში არის ადამიანი, რომელმაც დაიცვა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი. ამდენი წლის განმავლობაში, ამ ადამიანის სახელი ყოველთვის იყო აქტიური ამ ადამიანებში, ეს იყო შეურაცხყოფა, რომელმაც გააჩინა ბრაზი, მიუღებლობა, კითხვა საკუთარი თავის მიმართ, რომ მზად ვარ მე, როგორც ქართველმა, რომ მოვითმინო ეს შეურაცხყოფა? ეს აღარ შეიძლება გაგრძელდეს", - განაცხადა მარგველაშვილმა ტვ პირველის ეთერში.
შეგახსენებთ, 14 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: „ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.