საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოვიდა მოწოდებით, შეწყვიტონ ისრაელისთვის იარაღის მიწოდება ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციისთვის. ამის შესახებ მაკრონმა RFI-ს ეთერში განაცხადა.
მაკრონის განცხადებით, დღეს პრიორიტეტი უნდა იყოს კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტა.
"დღეს, პრიორიტეტულია ისრაელსა და ტერორისტულ დაჯგუფებას შორის კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის დღის წესრიგში დაბრუნება და იარაღის მიწოდების შეჩერება ღაზის სექტორში საბრძოლველად", - განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, პარიზი არ აწვდის ისრაელს იარაღს პალესტინლენებით დასახლებულ ტერიტორიაზე თავდასხმისთვის.
7 ოქტომბერს ერთი წელი გავა ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმიდან. 2023 წლის 7 ოექტომბერს აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ „ჰამასმა“ ისრაელზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა განახორციელა.
ჰამასის მიერ შემაძრწუნებელი თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1200-მდე ადამიანი. რადიკალურმა დაჯგუფებამ ტყვედ აიყვანა 250 პირი. მძევლების ნაწილი გაცვალეს ან გაათავისუფლეს, ნაწილი კი გარდაიცვალა.
ისრაელმა ჰამასს ომი გამოუცხადა. ღაზის სექტორის სახმელეთო ოპერაციისა და დაბომბვის შედეგად, ჰამასის მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით,
დაიღუპა 41,5 ათასზე მეტი პალესტინელი. ჰამასს მხარს უჭერდა ლიბანის რადიკალური შიიტური მოძრაობა ჰეზბოლა, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული გერმანიაში, აშშ-ში, ისრაელში და რიგ არაბულ სახელმწიფოებში. ჰეზბოლა რეგულარულად ესვრის ისრაელს ლიბანიდან.
ირანმა, რომელიც აფინანსებს ჰეზბოლას დაჯგუფებას და ითხოვს ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სამხედრო ოპერაციების შეწყვეტას ღაზას სექტორში, ასევე არაერთხელ წამოიწყო თავდასხმები ისრაელის ტერიტორიაზე დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.