"გამარჯვება არის ხელის ერთი გაწვდენაზე, ოცნებას რესურსი არ ეყოფა, არჩევნების დღეს რას იზამენ, ყველა ოჯახში ჩაჯდებიან და ყველა გამოსასვლელში სუს-ის მანქანებს ჩააყენებენ? ყველგან ბეჭებზე დავცემთ და დავამარცხებთ", - აცხადებს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი დავით კირკიტაძე
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელმა მდივანმა დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომ გამარჯვება გარდაუვალია, რადგან "ქართულ ოცნებას" რესურსი არ ეყოფა:
"ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია და ნიშანდობლივია, რომ გამარჯვებაში ტარდება, რადგან ჩვენ ვართ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს. დღეებია დარჩენილი ჩვენს გამარჯვებამდე, დღეებია დარჩენილი ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებამდე ამ წარმოუდგენლად ცუდი ხალხისგან. აი, პრორუსული მთავრობა კი არა გვყავს, პირდაპირ რუსული მთავრობა გვყავს, პირდაპირ მოღალატეობრივი. ასეთი ცუდი მთავრობა საქართველოს არ ჰყოლია არასდროს: აგერ, ხალხია, ვისაც მჟავანაძე ახსოვს (ვასილ მჟავანაძე, საქართველოს სსრ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი 1952-1972 წწ) და იქიდან მოყოლებული, ასეთი ცუდი მთავრობა, არაფრის მაქნისი, ხალხის თავისუფალ ნებაზე რომ ძალადობს, ქვეყანას არ ჰყოლია და ამიტომ ამათ საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ.
არჩევნების დღეს რას გაწვდებიან? ყველა ოჯახში ჩაჯდებიან და ყველა გამოსასვლელში სუს-ის მანქანას დააყენებენ? გამარჯვებაში დააყენებენ? ბეჭებზე დავცემთ რუსთავში და ისე მოვუგებთ, გადმოვატრიალებთ და ბეჭებზე დავცემთ, მუღანლოში იქნება ეს თუ სართიჭალაში, მარტყოფში თუ ნორიოში და განაპირა სოფლებში. არ ეყოფათ მათ რესურსი, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცით, ვინ არიან, რანი არიან და რამდენი არიან.
ჩვენი გამარჯვება არის ხელის გაწვდენაზე და თქვენ ეს უნდა გჯეროდეთ", - განაცხადა სოფელ გამარჯვებაში "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელმა მდივანმა დავით კირკიტაძემ.