შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის სარაკეტო თავდასხმის პასუხად, ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტებს უნდა დაარტყას.
ცოტა ხნით ადრე, ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმას მხარი არ დაუჭირა შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
ბაიდენის განცხადების კომენტირებისას ირანის სარაკეტო თავდასხმებზე ისრაელის შესაძლო რეაგირების შესახებ, ტრამპმა განაცხადა: "მისი [ბაიდენის] პასუხი უნდა ყოფილიყო, პირველ რიგში, ბირთვული ობიექტები და დანარჩენზე მერე ვიზრუნოთ".
ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბირთვული იარაღი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.
ამ კვირის დასაწყისში, ჟურნალისტის კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმას, ბაიდენმა თქვა: „პასუხი არის - არა“.
"ჩვენ განვიხილავთ ისრაელის მხარესთან, თუ რა იქნება მათი რეაგირება", - დასძინა მან.
მისი თქმით, G7-ის ყველა ქვეყანა მიიჩნევს, რომ ისრაელს უფლება აქვს უპასუხოს ირანის სარაკეტო თავდასხმას, "მაგრამ პასუხი პროპორციული უნდა იყოს".
ბაიდენმა ასევე ურჩია ისრაელს, რომ არ შეუტიოს ირანის ნავთობის ინდუსტრიის ინფრასტრუქტურას. "მე რომ მათ ადგილას ვიყო, სხვა ვარიანტებზე ვიფიქრებდი", - უთხრა ბაიდენმა თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებს.