გაყალბებული არჩევნების ფონზე "ოცნებას" ელოდება სანქციები და არა აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობა, აქედან გამომდინარე, ჩვენმა ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს ძალიან მკაფიო და კონკრეტული არჩევანი, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოოძრაობის" გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე მაიკლ კარპენტერის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
"უკვე თვეებია, "ქართული ოცნება" ამომრჩეველს ატყუებს, რომ არჩევნების შემდეგ, როდესაც ისინი გეგმავენ მანიპულაციას, გაყალბებას, ზეწოლას, მოსყიდვას, ამ ყველაფრის შემდგომ ისინი, რაღაცნაირად, მოახერხებენ და თითქოს სუფთა ფურცლიდან დაიწყებენ, აღადგენენ მჭიდრო კავშირებს აშშ-თან, რასაც, პრაქტიკულად, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა თეთრი სახლის წარმომადგენელი და თქვა, რომ ეს შეუძლებელია.
გაყალბებული არჩევნების ფონზე "ოცნებას" ელოდება სანქციები და არა აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობა, აქედან გამომდინარე, ჩვენმა ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს ძალიან მკაფიო და კონკრეტული არჩევანი: უნდა ცხოვრება სიღატაკესა და იზოლაციაში თავისი ოჯახისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის, თუ უნდა განვითარება, პროგრესი, ევროპა, აშშ-სთან ეკონომიკური ურთიერთობა და, რა თქმა უნდა, უვიზო მიმოსვლის მიღება", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის კითხვის პასუხად რომელიც ბიძინა ივანიშვილის მმართველობასა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხებოდა, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელმა მაიკლ კარპენტერმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ქვეყანას 180 გრადუსით აშორებს ევროინტეგრაციიდან და რომ აშშ გააგრძელებს ზომების მიღებას, "თუ არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი".