ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანმა, რომელმაც სამშაბათს ღამით ისრაელზე მასირებული ბალისტიკური სარაკეტო შეტევა განახორციელა, „დიდი შეცდომა დაუშვა და ამის საფასურს გადაიხდის“.
„ირანმა დღეს, საღამოს დიდი შეცდომა დაუშვა - და ის ამის საფასურს გადაიხდის. ირანის რეჟიმს არ ესმის ჩვენი სიმტკიცის, თავი დავიცვათ და შური ვიძიოთ ჩვენს მტრებზე“, - ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიერ დაწესებულ წესს: ვინც თავს დაგვესხმება, ჩვენ თავს დაესხმებით,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის თავდაცვის სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ ასევე განაცხადა, რომ თეირანის ქმედებებს სერიოზული შედეგები მოჰყვება.
მისი თქმით, ისრაელისა და ამერიკის საჰაერო თავდაცვის სისტემები ეფექტურად მუშაობდნენ ირანიდან გაშვებული რაკეტების წინააღმდეგ.
„ირანი […] უბიძგებს ახლო აღმოსავლეთს ესკალაციისკენ. დღევანდელ მოვლენებს შედეგები მოჰყვება. ჩვენ გვაქვს გეგმები და ვიმოქმედებთ იმ ადგილას და დროს, რომელსაც გადავწყვეტთ, - განაცხადა მან.
ირანის თავდასხმიდან რამდენიმე საათის შემდეგ ისრაელის სამხედროებმა ბეირუთში ჰეზბოლას სამიზნეებზე ახალი დარტყმები განახორციელეს.
მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა ადგილობრივ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდეს.
აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა ირანის თავდასხმებს უწოდა "მნიშვნელოვანი ესკალაცია" და თქვა, რომ თეირანმა დაახლოებით 200 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა (ეს მაჩვენებელი მოგვიანებით გამოაცხადა ირანის სახელმწიფო ტელევიზიამაც).
როგორც პენტაგონის სპიკერმა პეტ რაიდერმა ბრიფინგზე განაცხადა, თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის საზღვაო ძალების ორმა გამანადგურებელმა, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაშია განლაგებული.