ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე პირველი ოქტომბრიდან ნატოს გენერალური მდივნის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა.
ბრიუსელში, ალიანსის შტაბბინაში გამართულ ცერემონიალზე, მარკ რუტეს უფლებამოსილება იენს სტოლტენბერგმა გადააბარა.
რუტემ უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთის შეკავება ნატოს მთავარ პრიორიტეტებს შორის დაასახელა.
"ჩვენ (ალიანსის წევრმა ქვეყნებმა) მეტი უნდა დავხარჯოთ (თავდაცვაზე), ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოება", - ციტირებს სააგენტო AFP-ს ახალი გენერალური მდივნის სიტყვებს.
"ნატოს მთავარი მისია არ შეიცვლება: ჩვენ საიმედოდ უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი ერები და, რა თქმა უნდა, ჩვენი ღირებულებები", - ხაზგასმით აღნიშნა რუტემ.
მან ასევე განაცხადა, რომ იმუშავებს შეერთებული შტატების მომავალ პრეზიდენტთან, ვინც უნდა გაიმარჯვოს არჩვნებში, კამალა ჰარისმა თუ დონალდ ტრამპმა.
მარკ რუტემ გაიხსენა, რომ მას უკვე აქვს ტრამპთან მუშაობის გამოცდილება 2017 წლიდან 2021 წლამდე, როდესაც ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო, თავად კი ნიდერლანდების მთავრობის მეთაური.
"მას სურდა, ვეიძულებინეთ, უფრო მეტი დაგვეხარჯა თავდაცვაში და მან წარმატებას მიაღწია. ჩვენ ახლა გაცილებით მეტს ვხარჯავთ, ვიდრე მაშინ, როცა მან თანამდებობა დაიკავა", - თქვა რუტემ.
მარკ რუტემ კამალა ჰარისზეც ისაუბრა და მას "უაღრესად პატივსაცემი პოლიტიკოსი უწოდა", რომელსაც "ფანტასტიკური გამოცდილება აქვს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტად მუშაობის".