ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ “ჰეზბოლას” ლიდერის ჰასან ნასრალას ლიკვიდაციის შემდეგ თავის პირველ საჯარო გამოსვლაში თქვა, რომ მისი ჩამოცილება აუცილებელი პირობაა ისრაელის ამჟამინდელი მიზნების მისაღწევად - ქვეყნის ჩრდილოეთში მცხოვრებთა დაბრუნება საკუთარ სახლებში და ძალათა ბალანსის შეცვლა რეგიონში.
„ნასრალას ჩამოცილება აუცილებელი პირობაა ჩვენი მიზნების მისაღწევად - ჩრდილოეთში მცხოვრებთა უსაფრთხო დაბრუნება საკუთარ სახლებში და რეგიონში ძალთა ბალანსის შეცვლა მომდევნო წლების განმავლობაში“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ნეთანიაჰუს განცხადებით, „ჰეზბოლას“ ლიდერის ლიკვიდაციით, ისრაელმა ანგარიში გაუსწორა მათ, ვინც პასუხისმგებელია ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეების, მათ შორის ასობით ამერიკელისა და ათობით ფრანგის მკვლელობაზე.
„ვიდრე ნასრალა ცოცხალი იქნებოდა, ის სწრაფად აღადგენდა იმ შესაძლებლობებს, რომლებიც „ჰეზბოლას“ წავართვით. ამიტომაც გავეცი დირექტივა – და ნასრალა აღარ არის“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ „ჰეზბოლას“ლიდერის ლიკვიდაცია ხელს შეუწყობს ღაზის სექტორიდან მძევლების გათავისუფლების მცდელობებს.
„რაც უფრო მეტად დაინახავს პალესტინური მოძრაობა „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი, რომ „ჰეზბოლა“ აღარ მივა მის დასახმარებლად, მით უფრო დიდია გატაცებულების დაბრუნების შანსი“, - თქვა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახლა ისტორიულად გარდამტეხი მომენტია, რომელმაც შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსი შეცვალოს.
„ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, განვაგრძოთ დარტყმები ჩვენი მტრის წინააღმდეგ, დავაბრუნოთ ჩვენი მოსახლეობა სახლებში და დავაბრუნოთ ყველა გატაცებული. ჩვენ მათ წუთითაც არ ვივიწყებთ“, – დასძინა ნეთანიაჰუმ.