აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ჰეზბოლას ლიდერის ჰასან ნასრალას სიკვდილზე კომენტარი გააკეთა. ბაიდენმა ნასრალას ლიკვიდაციას სამართლიანობის აღდგენა უწოდა და კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ისრაელის თავდაცვის უფლებას. ამის შესახებ თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დარტყმა, რომელმაც მოკლა ნასრალა, განხორციელდა კონფლიქტის ფართო კონტექსტში, რომელიც დაიწყო 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის ხოცვა-ჟლეტით.
„ნასრალამ საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღო ჰამასთან გაერთიანდა და ისრაელის წინააღმდეგ „ჩრდილოეთის ფრონტის“ გახსნა.
ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს მისი სიკვდილი არის სამართლიანობის აღდგენა მისი მრავალი მსხვერპლისთვის, მათ შორის ათასობით ამერიკელისთვის, ისრაელისა და ლიბანელი მშვიდობიანი მოქალაქისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ისრაელის უფლებას დაიცვას თავი „ჰეზბოლას“, „ჰამასის“, ჰუსიტებისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი სხვა ტერორისტული დჯგუფების წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცახდებაში.
ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ მან გასცა ბრძანება ახლო აღმოსავლეთში განლაგებული აშშ-ის სამხედრო ძალების გაძლიერების შესახებ.
ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მიზანი რჩება კონფლიქტების მოგვარება როგორც ლიბანში, ასევე ღაზის სექტორში დიპლომატიური მეთოდებით.
დღეს, 28 სექტემბერს ისრაელმა საჰაერო იერიშის დროს ლიბანური ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა.