დღეს, 15 იანვარს, საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ჰააგაში საქართველოს საელჩოს, ქართული დიასპორისა და "ბაგრატიონის საზოგადოების" მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებას დაესწრება.
ბავშვებისთვის ქართული საახალწლო ზეიმის პარალელურად, შეხვედრის მსვლელობისას დაგეგმილია ნიდერლანდებში მცხოვრები ქართველებისთვის საქართველოს საელჩოს ახალი ინიციატივების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და საელჩოს ბაზაზე საკვირაო სკოლის დაარსებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, რაც ნიდერლანდებში მცხოვრებ ქართველ ბავშვებს ქართული ენისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებაში დაეხმარება.
ნიდერლანდებში ქართული ეკლესიის დაასრების შესაძლებლობის განსახილველად კი, შეხვედრას ბრიუსელიდან მამა დოსითეოზი დაესწრება.
16 იანვარს კი, სანდრა რულოვსი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას " Vakantiebeurs 2011"-ს ეწვევა, რომელიც ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში 11-16 იანვარს ჩატარდება. აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობას საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოც იღებს, სადაც იგი თვალსაჩინო სტენდით არის წარმოდგენილი.
გამოფენის ბოლო დღეს 16 იანვარს ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩი შოთა ღვინერია და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატა ფარცხალაძე.
ყოველ წელს გამოფენაში დაახლოებით 132 ქვეყანა მონაწილეობს და 20 000-მდე ვიზიტორი სტუმრობს, მათ შორის, როგორც დამთვალიერებლები და პოტენციური ტურისტები, ასევე ტურიზმის სფეროში მომუშავე სპეციალისტები.
საქართველოს ტურიზმის ეროვნულ საგენტოსთან ერთად გამოფენაში 4 ქართული ტურისტული კომპანია მონაწილეობს (Caucasus Travel, Explore Georgia, Visit Georgia, Georgian Holidays).