შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია დამატებით 8 მილიარდ დოლარს გამოყოფს უკრაინის დასახმარებლად რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის.
ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი აქვეყნებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომდევნო თვეებში აშშ უკრაინას, დახმარების სახით, თითქმის 8 მილიარდ დოლარს გამოუყოფს.
"დღეს მე ვაცხადებ უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების მკვეთრ გაზრდას და დამატებით ზომებს, რომლებიც უკრაინას ომში გამარჯვებაში დაეხმარება". - წერია განცხადებაში.
კერძოდ, 5,5 მილიარდი დოლარი მოხმარდება უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას პენტაგონის არსენალებიდან, ასევე უკრაინის არსენალის ახალი ტექნიკით შევსებას.
ამასთან, პენტაგონი უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში, დამატებით 2.4 მილიარდ დოლარს გამოყოფს, რაც უკრაინას მოამარაგებს "საჰაერო თავდაცვის საშუალებებით, უპილოტო საავიაციო სისტემებითა და საბრძოლო მასალით, ასევე გააძლიერებს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო ბაზას და დაეხმარება ტექნიკური მომსახურებისა და მხარდაჭერის საჭიროებებში".
გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინას შორ მანძილზე დარტყმების პოტენციალის გაძლიერების ფარგლებში გადაეცემა ფრთოსანი საავიაციო ბომბები, ხოლო საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად დამატებითი Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები.
ასევე, ბაიდენის დავალებით პენტაგონი გააფართოებს უკრაინელი პილოტების წვრთნას F-16-ის ტიპის ავაიაგამანადგურებლების მართვაში და მომდევნო წელს მომზადება გაივლის დამატებით 18 უკრაინელი პილოტი.