საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ახლადდანიშნულ წარმომადგენელს საქართველოში სიმონე ვოლკენს შეხვდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
დავით ჯალაღანიამ სიმონე ვოლკენს საქართველოში, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა თავიანთ საცხოვრებლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობას, ასევე საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ ზომებს დაბრუნებამდე მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთვის პრიორიტეტულ საკითხებზე.