„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი და თანადამფუძნებლები საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადდნენ და მათ მიმართ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება, – ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
"ანტიკორუფციულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური - ასევე, ორგანიზაცია აირჩიე ევროპა, მისი დირექტორი, ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები: სოფიო ჭყონია, ნიკოლოზ შურღაია, გიორგი რუხაძე, შალვა ძებისაშვილი, გიორგი პაპელაშვილი, გიორგი თაქთაქიშვილი, ლელა ჯეჯელავა და ივანე ჭყონია ცნობილი იქნენ გაცხადებულ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე გავრცელდეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 თავით გათვალისწინებული შეზღუდვები.
მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, როგორც უშუალოდ, ასევე კამპანია: ჩემი ხმა ევროკავშირის ფარგლებში, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიებში, რომლებიც მიზნად ისახავს როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას, აგრეთვე კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებას. ამასთან, კეთდება განცხადებები სხვადასხვა მატერიალური და არამატერიალური რესურსების მობილიზების შესახებ; ტარდება შეხვედრები მოსახლეობასთან; სოციალურ ქსელებში იქმნება სპეციალური ჯგუფები, რომლებიც საზოგადოების კონკრეტული პოლიტიკური განწყობების ფორმირებას ემსახურება. აქტიურად გამოიყენება სპეციალურად შექმნილი ვებგვერდი, აპლიკაცია და როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მედიები.
ასევე, მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა, რომ ორგანიზაცია აირჩიე ევროპა, მისი დირექტორი, ხათუნა ლაგაზიძე და გამგეობის წევრები აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესში, რომელიც ემსახურება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის ან მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზანს. ამისთვის გამოყენებულია როგორც ადამიანური, ასევე მატერიალურ-ტექნიკური რესურსები; პრეზენტაციები; მოსახლეობასთან შეხვედრები რეგიონებში; კონცერტები; ვიდეოების დამზადება/გავრცელება, რაც დაკავშირებულია ფინანსურ ხარჯებთან, რაც 100 000 ლარზე მეტს შეადგენს. ეს რესურსები ხმარდება მოსახლეობაში კონკრეტული პოლიტიკური განწყობების ჩამოყალიბებას და წინასაარჩევნოდ მათი აზრის ფორმირებას". - თქვა რაჟდენ კუპრაშვილმა.
ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, ასევე, მოძრაობა აირჩიე ევროპა, მისი დირექტორი, ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ვალდებული არიან, რომ 5 დღის ვადაში ბიუროს წარუდგინონ გადაწყვეტილებებით დადგენილი საანგარიშო პერიოდის შესაბამისი ფინანსური ანგარიშები.
ასევე, კუპრაშვილის თქმით, მათ უნდა გახსნან და წარმოადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტების შესახებ, "რომლებიც გამოიყენება მათი საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯებისთვის".