უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს წარუდგენს „უკრაინის გამარჯვების გეგმას“, რომელიც შედგება ოთხი ძირითადი და ერთი დამატებითი პუნქტისგან.
ზელენსკიმ გეგმის ზოგიერთი დეტალი ტელეარხ CNN-თან ინტერვიუში გაამხილა.
"მე მოვამზადე რამდენიმე პუნქტი. ოთხი მათგანი მთავარი პუნქტია. პლუს ერთი, რომელიც გვჭირდება ომის შემდეგ“, - თქვა ზელენსკიმ. მისი თქმით, საუბარია უსაფრთხოებაზე, უკრაინის გეოპოლიტიკურ ადგილზე, ძლიერ სამხედრო და ეკონომიკუ მხარდაჭერაზე.
"თუ პრეზიდენტი ბაიდენი დააფასებს და მხარს დაუჭერს ჩვენს გეგმას, და თუ მას და მის გუნდს შეუძლიათ დაამატონ კიდევ რაღაც, რაც გააძლიერებს ჩვენს პოზიციას, ჩვენ მზად ვიქნებით“, - დასძინა უკრაინის ლიდერმა.
გამოცემა Bild-ი 14 სექტემბერს წერდა, რომ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტისას უკრაინის გამარჯვების სტრატეგიას წარუდგენდა პრეიზდენტ ჯო ბაიდენს და საპრეზიდენტო კანდიდატებს ორივე ძირითადი პარტიიდან - კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს.
Bild-ის თანახმად, გეგმა ეხება როგორც მოთხოვნას, დაუშვან დასავლური იარაღის შორ მანძილზე დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე უკრაინის მზადყოფნას, დათანხმდეს ცეცხლის ადგილობრივ შეწყვეტას ფრონტის ზოგიერთ სექტორში და სიტუაციის "დროებით გაყინვას".
იმავდროულად, ზელენსკის მრჩეველმა დმიტრი ლიტვინმა "უკრაინსკაია პრავდას" განუცხადა, Bild-ის ინფორმაცია, თითქოს უკრაინა მზადაა, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას ზოგიერთ რაიონში, "ყალბია და სიმართლეს არ შეესაბამება".