თალიბანმა, რომელმაც ავღანეთის ხელისუფლებას უდგას სათავეში, მოსკოვს განცხადებით მიმართა BRICS-ის სამიტში მონაწილეობის თხოვნით.
BRICS-ის სამიტი რუსეთში, ყაზანში ოქტომბერში უნდა გაიმართოს.
როგორც რუსული მედია იუწყება, თალიბანს სურს, სამიტში მონაწილეობა მიიღოს "მაღალი დონის დელეგაციამ" ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილის, აბდულ ღანი ბარადარის მეთაურობით.
მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადებით, ავღანეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა ნურიდინ აზიზიმ მიმართა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს იური უშაკოვს მიმართა.
"გამოვხატავთ ინტერესს, ავღანეთმა სამიტში მონაწილოება მიიღოს მაღალი დონის დელეგაციით, რომელთა წევრებს შორის იქნება ავღანეთის ვიცე-პრემიერი აბდულ ღანი ბარადარი", - ნათქვამია მიმართვაში.
თალიბანმა ავღანეთში ძალაუფლება 2021 წლის ზაფხულის ბოლოს ჩაიგდო ხელთ მას შემდეგ, რაც აშშ-ის ჯარებმა ქვეყანა დატოვეს. მოსკოვს ოფიციალურად არ უღიარებია ავღანეთის ახალი მთავრობა.
რუსეთში თალიბანის მოძრაობას ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი აქვს. მისი საქმიანობა რუსეთის ფედერაციაში 2003 წელს აიკრძალა - მას შემდეგ რაც მოძრაობა გაეროს უშიშროების საბჭომ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. ამავდროულად, მოსკოვი მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებს კონტაქტებს თალიბანთან.
2022 წლის მარტში მოსკოვმა აკრედიტაცია მისცა ავღანელ დიპლომატს, რომელიც თალიბანის მთავრობას წარმოადგენს. იმავე წლის მაისის ბოლოს, რუსეთის საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებმა პრეზიდენტ პუტინს აცნობეს, რომ თალიბანის მოძრაობა შეიძლება ამოღებულ იქნას რუსეთში აკრძალული ორგანიზაციების სიიდან.
ივნისში თალიბანის მოძრაობის წარმომადგენლები პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე (SPIEF), ხოლო სექტემბრის დასაწყისში - ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე (EEF) იმყოფებოდნენ.
BRICS-ის სამიტი ყაზანში 22-24 ოქტომბერს გაიმართება.