ჩვენ დღეს ვართ საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სამშობლოში, ჩვენ დღეს ვართ საქართველოს ეროვნული გმირების, შინდისის გმირების სამშობლოში და მე დღეს აქედანაც, კახეთიდანაც, მინდა ბიძინა ივანიშვილს გავაგონო ჩვენი ხმა, რომ კახეთი, ეროვნული გმირების სამშობლოა, რომ საქართველო მტრების წინაშე, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, სანქციების მოლოდინით შეშინებული ივანიშვილი ცდილობს ქვეყანა იზოლაციაში მოაქციოს.
"ჩვენ დღეს ვართ საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სამშობლოში, ჩვენ დღეს ვართ საქართველოს ეროვნული გმირების, შინდისის გმირების სამშობლოში და მე დღეს აქედანაც, კახეთიდანაც, მინდა ბიძინა ივანიშვილს გავაგონო ჩვენი ხმა, რომ კახეთი, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, რომ საქართველო მტრების წინაშე, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს ბოდიში მტრის წინაშე მოსახდელი არა აქვს!
შეუძლებელია, სახელმწიფო ვაშენოთ იდეის გარეშე. შეუძლებელია სახელმწიფო ვაშენოთ იმ იდეის გარეშე, რომელიც ამოძრავებდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს: ეს არის დამოუკიდებელი, თავისუფალი, თანამედროვე, ევროპული საქართველოს იდეა. სწორედ მიხეილ სააკაშვილის ძალისხმევით მთელმა მსოფლიომ გაიცნო ძალიან დიდი საოცრება პატარა სიღნაღის სახით. სწორედ პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით დაინერგა სოფლის მეურნეობის სუბსიდირების ახალი პროგრამები, კახელმა მეწარმეებმა დაიწყეს ევროპული ბაზრის ათვისება, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ათობით სკოლასა და საავადმყოფოს, ათობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, მოხდა თელავის უნივერსიტეტის მოდერნიზაცია. ეს იმ პროექტების მცირე ჩამონათვალია, რამაც ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობის ქართული საოცრება შექმნა. ჩვენ ვარდების რევოლუციის იდეას - დამოუკიდებელი, წარმატებული, ერთიანი საქართველოს იდეას, რომლის ნგრევას და მიტაცებას ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ბოლო 12 წლის განმავლობაში, პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად, ხელახლა სული უნდა ჩავბეროთ. ახლა, როცა ევროკავშირში გაწევრიანება ერთი ხელის გაწვდენაზეა, ჩვენ ერთიანობის ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. სწორედ ევროპაშია საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა, ევროპაშია რეალური და არა ყალბი, მოჩვენებითი მშვიდობა, რაზეც ივანიშვილი საუბრობს და რომლითაც ის წინასაარჩევნოდ სპეკულირებს. ევროპაშია დაცულობა და სტაბილურობა, ევროპაშია ღირსეული ხელფასები და ღირსეული პენსია, ევროპაშია ხარისხიანი განათლება და ჯანდაცვა. ევროპაშია 14 მილიარდიანი დახმარების ფონდი, რომელზე წვდომაც საქართველოს მიეცემა გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნის მომენტიდან. ეს არის 14 მილიარდი ევრო, რომლითაც შეგვიძლია ავაშენოთ სკოლები, საავადმყოფოები. როდესაც ათასობით ბავშვი სკოლამდელ განათლებას დღეს ვერ იღებს საბავშვო ბაღების არარსებობის გამო, ეს არის 14 მილიარდი, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ, მათ შორის, საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის. ეს არის 14 მილიარდი ევრო, რომლითაც შეგვიძლია განვავითაროთ სოფლის მეურნეობა. განსაკუთრებით აქ, კახეთში, თქვენ კარგად იცვით, როგორი დაუფასებელია დღეს, ამ ხელისუფლების მშრომელი ადამიანის შრომა. როგორი დაუფასებელია მევენახის შრომა. მევენახისთვის რთველი, ყურძენი, ვაზი ეს არის მისი სულის ნაწილი, მისი შრომის ნაყოფი, მისი სიამაყე და სიმდიდრეა. ამ დროს კი სახელმწიფოს მიტოვებული ჰყავს კახელი მევენახეები, მიტოვებული აქვს კახეთი, რადგან კორუფციისა და თვითგამდიდრების გარდა, დღევანდელ მმართველ ელიტას ნამდვილად არაფერი აინტერესებს.
ჩინოვნიკები მდიდრდებიან, მევენახეებს კი სიმწრის ცრემლებით უწევთ რიგში დგომა, ყურძნის ჩასაბარებლად.
გპირდებით: ჩვენ მოვიტანთ ევროპულ კეთილდღეობას საქართველოს თითოეულ მოქალაქემდე, ჩვენ მოვიტანთ ევროპულ კეთილდღეობას თითოეულ მევენახემდე. ჩვენ მოვიტანთ ევროპულ კეთილდღეობას აქ, კახეთში და საქართველოს თითოეულ რეგიონში. ეს არის ჩვენი დაპირება, რომელსაც გპირდებით, ხელისუფლების ცვლილებისთანავე განვახორციელებთ. რადგან მოლაპარაკებები ევროკავშირთან, მერწმუნეთ, ერთი ხელის გაწვდენაზეა და დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე: ხელისუფლების ცვლილებაზე 26 ოქტომბერს. ჩვენ მოვიტანთ ევროპულ სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას, რომელიც სახელისუფლებო კლანების გამდიდრებაზე კი არ არის ორიენტირებული, არამედ ინდივიდუალური მევენახის, მეწარმის, ფერმერის კეთილდღეობას ემსახურება, მათ გაძლიერებას, მათთვის ახალი ტექნოლოგიების მიწოდებას, მისი პროდუქციის ხარისხის და წარმოების გაზრდას . ჩვენ ჩავდებთ დიდ ძალისხმევას სოფლის მეურნეობის და მევენახეობის, მეღვინეობის ასაღორძინებლად. 16 ტრილიონიანი ევროპული ბაზარი, რომელიც ათჯერ აღემატება რუსულ ბაზარს, დიახ, სწორედ ევროპული ბაზარი, ფართოდ გაიხსნება ქართული ღვინოსთვის და სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის. საქართველოში ამოქმედდება ევროპულის ტილის სოფლის მეურნეობის პროგრამები, რომლებიც ევროპული განვითარების ქვაკუთხედია. სანქციების მოლოდინით შეშინებული, შუშის უკან დამალული, დამფრთხალი ივანიშვილი, რომელიც ცდილობს, რომ ჩვენი ქვეყანა იზოლაციაში მოაქციოს და სიღატაკის მეტს არაფერს უქადის, სწორედ ივანიშვილი უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას და მე მჯერა, რომ 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნები, იქნება სწორედ შესაძლებლობა, რომ საქართველომ უარი თქვას სიღატაკეზე იზოლაციაში და აირჩიოს ევროპული კეთილდღეობა! დიახ, მე მჯერა, რომ ევროპელი, ქართველი ხალხი, ამაყად, 26 ოქტომბერს სწორედ ევროპულ კეთილდღეობას აირჩევს!"- განაცხადა ყვარელში, ხალხთან შეხვედრისას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.