უკრაინის დაზვერვის ცნობით, კრემლი ზამთარში უკრაინის ბირთვული ენერგეტიკის კრიტიკულ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მისი თქმით, საუბარია ატომური სადგურების ღია გამანაწილებელ მოწყობილობებსა და გადამცემ ქვესადგურებზე, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბირთვული ენერგეტიკის უსაფრთხო მუშაობისთვის.
"უკრაინული დაზვერვის ცნობით, კრემლი ზამთრამდე უკრაინული ბირთვული ენერგეტიკის მნიშვნელოვან ობიექტებზე დარტყმებს ამზადებს. კერძოდ, ეს ეხება ატომურ ელექტროსადგურებში ღია გამანაწილებელ მოწყობილობებსა და გადამცემ ქვესადგურებს, რომლებიც ბირთვული ენერგიის უსაფრთხო ოპერირებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ამ ობიექტების დაზიანება გლობალური შედეგების მქონე ბირთვული ინციდენტის მაღალ რისკს გამოიწვევს. ჩვენმა სპეციალურმა სამსახურებმა ეს ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს გადასცეს. IAEA-ც შეტყობინებულია". - წერს სიბიჰა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე წერს, რომ რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც დაიკავა ატომური სადგური ევროპაში, რითაც მსოფლიოს აშანტაჟებს.
"რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელმაც ევროპაში ატომური ელექტროსადგური ჩაიგდო ხელში და მთლიან მსოფლიოს აშანტაჟებს. უკრაინული "მშვიდობის ფორმულა" მოიცავს დებულებას, რომელიც რადიოლოგიური და ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება. საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფოებს, რომლებიც გაეროს ქარტიას პატივს სცემენ, მოვუწოდებთ, რომ ტერორისტული სახელმწიფოს სცენარი შეაფერხონ". - წერს სიბიჰა.