ზურაბ ნოღაიდელი ახალ პოლიტიკურ ძალას შექმნის.ამის შესახებ მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ყოფილმა თავმჯდომარემ ლვოვის ქუჩაზე მდებარე ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, იუსტიცის სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სამინისტრომ მასთან დაპირისპირებული მხარის გადაწყვეტილება დააკმაყოფილა ყოვლად უკანონოა და ამ უკანონო პროცესებში ის ჩართვას არ აპირებს. როგორც მან განაცხადა, ის არც სასამართლოში ჩივილს აპირებს, რადგან მისი თქმით, ადეიშვილთან რომ უჩივლოს, ამით არაფერი შეიცვლება.
"ეს უკანონო ყრილობა ჩაატარეს მერაბიშვილმა და ადეიშვილმა. ვერ დაველოდებით პროცესების თავისით განვითარებას. ჩვენ გვეგონა, რომ დიდ ხიფათს ბოლო პერიოდში ამ რეჟიმის წინააღმდეგ არ წარმოვადგენდით. არ ვაპირებთ რომ ადეიშვილს ვუჩივლოთ ადეიშვილთან. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ პოლიტიკურ საქმიანობას. შევქმნით ახალ მოძრობას, რომელიც იდეურად იგივე იქნება, რაც აქამდე ჰქონდა მოძრOბა სამართლიან საქართველოს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევცვალოთ ეს რეჟიმი და სააკაშვილის ხელისუფლება დავამხოთ. უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილია თუ სად განთავსდება ჩვენი ახალი მოძრაობის ოფისი. ამჟამინდელი ოფისი კი პარტიული საკუთრება არ იყო", _ განაცხადა ნოღაიდელმა, მისივე თქმით, ის მომავალ კვირაში გაემგზავრება სტრასბურგში და მის წინააღმდეგ განვითარებულ პროცესებზე სწორედ იქ იმსჯელებს.
ზურაბ ნოღაიდელი არ აკონკრეტებს დატოვებს თუ არა აღნიშნულ მოძრაობას.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის წევრებმა ჭადრაკის სასახლეში ჩაატარეს რიგგარეშე ყრილობა, რომელზეც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ზურაბ ნოღაიდელმა მოძრაობის თავმჯდომარის პოსტი უნდა დატოვოს. შემდეგ ეს გადაწყვეტილება გადააგზავნეს იუსტიციის სამინისტროში. იუსტიციის სამინისტრომ კი მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა.