გუშინ ჩვენ პრინციპულად მივაღწიეთ შეთანხმებას, დღეს ვნახე გახარიას პარტიის განცხადება, ვფიქრობ, მომენტუმი იქნება გაშვებული, რადგან დღეს ქვეყანას სჭირდება იმაზე მაღლა დადგომა, ვიდრე რაღაც ტექნიკური საკითხები, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
ხაზარაძემ აღნიშნული კომენტარი პრეზიდენტის სასახლის დატოვების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა.
„სამი დღის წინ მე პირადად გამოვხატე სურვილი, რომ მზად ვიყავი, გახარიასთან და მის გუნდთან დაგვეწყო კონსულტაციები ერთი მიზნის გამო, დავამარცხოთ „ქართული ოცნება“, გავისტუმროთ ხელისუფლებიდან, რათა საქართველო დავაყენოთ ძალიან სწრაფად ევროკავშირის გზაზე. იმავე დღეს ამას გამოეხმაურა პრეზიდენტი, სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკება პრეზიდენტის ჩართულობით. გუშინ ჩვენ პრინციპულად მივაღწიეთ შეთანხმებას. დღესაც გითხარით, როდესაც პენსიონერებს ვხვდებოდით, რომ ჩვენი ჯგუფი და კოალიცია მზად არის ხელმოსაწერად და ამისთვის ველოდებით პრეზიდენტის მიერ დანიშნულ საათს. სამი საათი თუ ოთხი იყო დაწყებული, ვნახე განცხადება, რომელიც გახარიას პარტიამ გამოაქვეყნა.
არც ეს არის ტრაგედია, თუმცა, ვფიქრობ, მომენტუმი იქნება გაშვებული, რადგან დღეს ქვეყანას და თითოეულ ჩვენგანს სჭირდება იმაზე მაღლა დადგომა, ვიდრე რაღაც ტექნიკური საკითხები და ასე შემდეგ. მე პირადად ეს შევძელი, ბადრიმაც, დაწყებული ალეკო ელისაშვილთან კოალიციის გაფორმებით. ამ კოალიციაშია არის ანა დოლიძე, ლევან ცუცქირიძე, ესენი არიან კოალიციის პარტნიორები, მათ პატივს ვცემ. ისინი არიან ამ გარიგების ნაწილი. რახან აქ ვლაპარაკობ და დღეს მოვდიოდი ხელმოსაწერად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ კოალიციის სახელით. ბევრი კონტრაქტი გამიფორმებია ჩემი ცხოვრების მანძილზე მსხვილ კორპორაციებთან, ბოლო მომენტამდე არის ვნებათაღელვა, მაგრამ ვნებათაღელვა მთავრდება, როგორც კი ხელმოწერა ხდება. ჩვენ ხელმოწერისთვის მზად ვიყავით გუშინ, როცა დავტოვე პრეზიდენტის სასახლე, დღეს 2 საათზეც, თქვენ გითხართ ამის შესახებ...შეიძლება ესე ჩათვალეს ამ ეტაპზე" “, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
პარტია გახარია-საქართველოსთვის გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც ლელოსთან შეთანხმების მიღწევა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა, რადგან მეორე მხარემ "შიდა კონსესუსს ვერ მიაღწია."