"ივანიშვილმა ზურგი აქცია თავისუფლების მოედანს, მაგრამ როდესაც თავისი კაბინით კოსტავას გამზირზე დადგება, კარგად ახსოვდეს, რომ მას ამ ქალაქში ტყუილები აღარ გაუვა და არავინ უფლებას არ მისცემს, რომ კიდევ ერთხელ გადაუაროს ქართველების ღირსებას. სამარცხვინო ტაში მაინც არ დაუკრათ იმ განცხადებებზე, რა განცხადებებიც ჩვენ გვესმოდა გორში. დავტოვოთ ბიძინა ივანიშვილი დღეს აქ რუსთავში თავის ხელოვნურ, ვიდეოზე ჩაწერილი ტაშით და ასევე, საკადრისი პასუხი გავცეთ, ისე როგორც ყოველთვის აკეთებდა ამას რუსთავი, 26 ოქტომბერს" - განაცხადა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივანმა დავით კირკიტაძემ ბრიფინგზე.
კირკიტაძე დღეს, ქალაქ რუსთავში დაგეგმილ „ქართული ოცნების“ მორიგ შეხვედრას გამოეხმაურა და ივანიშვილს მოუწოდა, რომ იგივე განცხადებები არ გააკეთოს აქ, რაც მან გააკეთა გორში და ღირსება შეულახა ქართველ ხალხს
"დღეს აქ, რუსთავში რამდენიმე საათში დაიწყებს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ შეკრებას და შეხვედრას და ჩვენ, რუსთაველები, ადამიანები, რომლებიც ძალიან გაბრაზებულები ვართ, განსაკუთრებით მისი უკანასკნელი განცხადების შემდეგ, რომელიც მან გააკეთა გორში. მას მოვუწოდებთ, რომ იგივე არ გააკეთოს რუსთავში, არცერთ შემთხვევაში ჩვენ, ქართველ ხალხს არ გვაქვს ბოდიში მოსახდელი ოს სეპარატისტებთან და რუსებთან. ჩვენ ბრძოლა, რომელიც გავმართეთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისათვის რუს აგრესორებთან, ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია არ ყოფილიყო მთლიანად ოკუპირებული, რაც შედიოდა რუსეთის ამოცანებში, ეს იყო პუტინის დიდი ამოცანა, რომელიც მაშინდელმა ქართულმა სახელმწიფო შეაჩერა. მთავარი და მნიშვნელოვანი ჩვენთვის დღეს არის ის, რომ ივანიშვილმა ბოდიში უნდა მოუხადოს იმ რუსთაველებს, იმ ადამიანებს, რომლებიც მწარედ მოატყუა 2012 წელს. ბოდიში უნდა მოუხადოს იმ რუსთაველებს, რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ მისი და მისი დამქაშების საწარმოებში და აქვთ მიზერული ხელფასი, რომელიც არ ყოფნით ხელფასის აღებიდან ერთი კვირაც კი. ტოპ მენეჯერებს აქვთ ათჯერ და ასჯერ მეტი ხელფასი, ხოლო ამ ადამიანებს თვიდან თვემდე არ ყოფნით ის ანაზღაურება, რომელსაც ისინი იმეტებენ მათთვის. ივანიშვილმა ბოდიში უნდა მოუხადოს რუსთაველ სტუდენტებს და რუსთაველ სტუდენტთა ასოციაციას, რომლებიც წლებია იბრძვიან იმისათვის, რომ დედაქალაქში ჩასვლა უმაღლეს სასწავლებელში არ უჯდებოდეს ათი და მეტი ლარი. დღეს სახელმწიფოს აქვს საშუალება, რომ მათ ჰქონდეთ უფასო გადაადგილება უნივერსიტეტამდე და მე მათ ვპირდები, რომ ეს 26 ოქტომბრის შემდეგ ასე იქნება და ყველა რუსთაველი სტუდენტი უნივერსიტეტამდე და უკან იმგზავრებს უფასოდ, სახელმწიფოს ხარჯზე, რადგან ეს მათ დაიმსახურეს. ივანიშვილმა ბოდიში უნდა მოუხადოს თითოეულ რუსთაველს, რომელიც ჰპირდებოდა ქვეყანას აყვავებულს და აქ გაიზარდა თაობები, რომლებმაც პრაქტიკულად მშობლებთან კონტაქტი მხოლოდ სოციალური ქსელის მეშვეობით აქვთ. ივანიშვილმა ბოდიში უნდა მოუხადოს რუსთაველებს იმისათვის, რომ თბილისი-რუსთავის შემაერთებელი გზა 17 კილომეტრიანი, ეს უმარტივესი საინჟინრო გზა 12 წელია ვერ დაასრულა, სამ კილომეტრ ნახევარი, ყველზე გაუვალი მონაკვეთი დატოვა ისე როგორც იყო და გადაადგილება უჭირთ მოქალაქეებს. ივანიშვილმა ბოდიში უნდა მოუხადოს მთელ საქართველოს და რუსთავიდან უნდა დაემშვიდობოს მათ როგორც ხელისუფლების ყველაზე ძლევამოსილი წარმომადგენელი, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება და არაფერს არ აკეთებს არც რუსთაველებისთვის და არცერთი მოქალაქისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს. ამ ბოდიშს ველოდებით ჩვენ მისგან. შეხვედრა აქვს კოსტავას გამზირზე, რომელიც სამი დღეა გადაკეტეს, კოსტავას გამზირზე უნდა დაიწყოს ჩვენი ხალხის და ჩვენი ღირსების შეურაცხყოფა, არაფერი საქართველოს მოქალაქეებს ბოდიშის მოსახდელი არ ჭირთ. კარგად გაიაზროს ივანიშვილმა, რომ მერაბ კოსტავას გამზირზე რუსთავიდან არ შეიძლება ქართველი ხალხის შეურაცხყოფა, არცერთი ადგილიდან არ შეიძლება, მაგრამ განსაკუთრებით ამ ადგილიდან იმ ღირებულებებიდან, რომელსაც ემსახურებოდა მერაბ კოსტავა და რომელსაც შეეწირა ათასობით და ათიათასობით ქართველი. მან ზურგი აქცია თავისუფლების მოედანს, მაგრამ როდესაც კოსტავას გამზირზე დადგება, კარგად ახსოვდეს, რომ მას ამ ქალაქში ტყუილები აღარ გაუვა და არავინ უფლებას არ მისცემს, რომ კიდევ ერთხელ გადაუაროს ქართველების ღირსებას. ასევე მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებსაც მოუწევთ აქ მოსვლა და მე ვიცი, რომ მათ აქ მოსვლა არ უხარიათ - სამარცხვინო ტაში მაინც არ დაუკრათ იმ განცხადებებზე, რა განცხადებებიც ჩვენ გვესმოდა გორში. დავტოვოთ ბიძინა ივანიშვილი დღეს აქ რუსთავში თავის ხელოვნურ, ვიდეოზე ჩაწერილი ტაშით და ასევე, საკადრისი პასუხი გავცეთ, ისე როგორც ყოველთვის აკეთებდა ამას რუსთავი, 26 ოქტომბერს.“ განაცხადა დავით კირკიტაძემ.