18 სექტემბრის ღამეს, რუსეთის ტვერის ოლქის ქალაქ ტოროპეცში დრონით თავდასხმის შედეგად აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა. რეგიონის გუბერნატორმა იგორ რუდენიამ მოსახლეობის ნაწილობრივი ევაკუაციის ბრძანება გასცა. ინფორმაციას რუსული მეიდა ავრცელებს.
რუდენიამ გადაწყვიტა მოსახლეობის ნაწილობრივი ევაკუაცია იმ ტერიტორიიდან, სადაც საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა და ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობდა.
ტოროპეცის მცხოვრებთა ევაკუაცია ტვერის რეგიონის მეზობელ ქალაქში - დასავლეთ დვინაში განხორციელდა.
ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რომ თავდასხმა მოხდა საბრძოლო მასალის საწყობზე.
მანამდე ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ხანძარი ქალაქში "უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად" გაჩნდა.
გასულ ღამეს აფეთქებები ასევე დაფიქსირდა რუსეთის ბრიანსკის, სმოლენსკის, ტულასა და ორლოვის რაიონებში.
ადგილობრივი ხელისუფლების ტვერის ოლქის ზაპადნოდვინსკის მუნიციპალურ ოლქში საბავშვო ბაღებისა და სკოლების მუშაობა შეჩერდა.
რუსეთის ტვერის ოლქის ქალაქ ტოროპეცში არსენალი რაკეტების, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მასალების კომპლექსური შენახვისთვის 2018 წელს აშენდა.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ, არმიის გენერალმა დიმიტრი ბულგაკოვმა განაცხადა, რომ არსენალი უმაღლეს მსოფლიო სტანდარტებს აკმაყოფილებებდა.
მისი თქმით, თითოეული არსენალის შესანახი ობიექტი 240 ტონამდე საბრძოლო მასალას იტევს.