მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, აშშ-ში დემოკრატიულად არჩეული მთავრობა იღებს ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და არავინ სხვა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, როდესაც აშშ-ის სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებებს უპასუხა.
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მეთიუ მილერ ს დაუსვა შეკითხვა იმის შესახებ, თუ რას ფიქრობდა იგი კობახიძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც "[სანქციების დაწესებაში] დამნაშავე არა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ ოლიგარქიული ძალები არიან, რომლებსაც პრინციპული გავლენა აქვთ აშშ-ს ოფიციალურ ინსტიტუტებზე", ხოლო შემდგომი სანქციების დაწესებით "ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა".
ჟურნალისტის კითხვა ასევე ეხებოდა ირაკლი კობახიძის აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც, რომლის თანახმადაც, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სანქციების გადაწყვეტილებით „ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა.“
„ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. მხოლოდ ვიტყვი, რომ შეერთებულ შტატებში, განსხვავებით მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან, სწორედ დემოკრატიულად არჩეული მთავრობა იღებს ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და არავინ სხვა“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.