ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულმა განცხადებამ მკაფიოდ წარმოაჩინა ის გადაულახავი უფსკრული, რომელიც ყოფს და ერთმანეთისგან მიჯნავს, ერთი მხრივ, აგენტოკრატიას, რომელიც „ენჯეოებისა“ და რადიკალური ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი და, მეორე მხრივ, ქართულ საზოგადოებას, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა მშვიდობაა, რადგან, ჯერ ერთი, ომი რა შედეგსაც იწვევს, კარგად ვიცით და არაერთხელ გვინახავს და მეორე და მთავარი: ჩვენი მიზანია თანხმობით ვიცხოვროთ ერთიან სახელმწიფოში ჩვენსავე თანამოქალაქეებთან, აფხაზებსა და ოსებთან ერთად, ეს კი, შერიგებისა და ურთიერთნდობის აღდგენის გარეშე შეუძლებელია.
ამ მიმართულებით პირველი, ძალიან გაბედული განაცხადი უკვე გაკეთდა და ეს განაცხადი ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. თანხმობა გულისხმობს ქართველებს, ოსებსა და აფხაზებს შორის არსებული მტრის ხატის გაქრობას და იმ განცდის დამკვიდრებას აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, რომ სწორედ საქართველოს სახელმწიფოა მათი უპირველესი ქომაგი და ინტერესების დამცველი.
ბუნებრივია, აქ მიმართულებით პირველი ნაბიჯი სწორედ ქართულმა სახელმწიფომ უნდა გადადგას, რადგან სწორედ ჩვენთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სწორედ ეს თქვა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა – ქართულმა სახელმწიფომ თავის თავში უნდა იპოვოს ძალა და ბოდიში მოუხადოს საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც დაზარალდნენ ომის შედეგად.
ომს ჰყავს თავისი დამნაშავეები და მათ პასუხი უნდა აგონ როგორც სამართლიანი სასამართლოს, ისე ისტორიის სამსჯავროს წინაშე, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც დამნაშავეებად აცხადებენ მთელ ეთნოსებს – ოსებს, აფხაზებსა თუ ნებისმიერი ერისა და ეთნოსის წარმომადგენლებს, ჩვეულებრივი ფაშისტები და მოღალატეები არიან და მათ ხალხი 26 ოქტომბერს გასცემს პასუხს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.