26 ოქტომბერს არჩევანი მოქალაქეებისთვის მარტივია: სჭირდება თუ არა მას სანქცირებული ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იზოლაციისკენ წაიყვანს ქვეყანას, - ამის შესახებ"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" "ევროპული საქართველოს" ლიდერნა გიგი წერეთელმა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ სანქციებზე განაცხადა.
გიგი წერეთლის განცხადებით, მოხდა ის, რაზეც ისინი ხელისუფლებას ადრეც აფრთხილებდნენ.
"დაწესდა ახალი სანქციები საქართველოში, მთელი რიგი თანამდებობის პირების მიმართ, ესენი არიან პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ამასთან, დაწესდა არამარტო სავიზო შეზღუდვები. რა თქმა უნდა, ეს მთლიანობაში, არასასიამოვნოა ქვეყნისთვის, რადგან აზარალებს ქვეყნის რეპუტაციას, ზრდის იზოლირებას დასავლეთთან, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ის ქმედებები, რაც იყო მოხსენიებული ამ სანქციების საფუძვლად, როგორიცაა დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა, დეზინფორმაციის გავრცელება, დემონსტრანტების მიმართ ძალადობრივი დევნა, ძალადობრივი ექსტრემიზმი, დამძიმება ამ ყველაფრის "რუსული კანონის" მიღებით, კორუფცია და ა.შ, ეს ყველაფერი არის პასუხისმგებლობის საგანი, რომელიც არსებობს კანონის წინაშე, ასევე არსებობს საერთაშორისო პასუხისმგებლობა, ასევე არსებობს ორმხრივი პასუხისმგებლობა პარტნიორებთან. ეს ყველაფერი აშორებს საქართველოს დასავლეთთან და ქვეყნის იზოლირება მოაქვს მხოლოდ დასუსტება, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, სიღარიბის ზრდა და იმ პერსპექტივის გაქრობა, რასაც ევროპული კეთილდღეობა ჰქვია. ჩვენ ამაზე ხშირად ვლაპარაკობდით, რომ ასე მოხდებოდა, აშშ-ც აფრთხილებდა ხელისუფლებას, რომ შეეცვალა ის ნაბიჯები, რასაც ის დგამდა და რაც აბსოლუტურად არათავსებადი იყო დემოკრატიასთან და არჩევნების წინაპერიოდში ეს არის ერთ-ერთი ბოლო გაფრთხილება, რადგან ასე თუ გააგრძელებს ხელისუფლება და არჩევნებზე შეეცდება მანიპულირებას, ეს კიდევ უფრო დაამძიმებს ვითარებას და ეს მთელ ქვეყანაზე იმოქმედებს. ამიტომ ჩვენი ამომრჩევლისთვის, 26 ოქტომბერს არის ძალიან ნათელი არჩევანი: სჭირდება თუ არა ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იზოლაციისკენ წაიყვანს ქვეყანას", - განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი წერეთელმა.