აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერი, მეთიუ მილერი გამოეხმაურა პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ ქართველებმა ბოდიში უნდა მოიხადონ აგვისტოს ომისთვის.
მეთიუ მილერმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ საქართველოს ბოდიშის მოხდა არ სჭირდება რუსეთის მხრიდან შეჭრის გამო, რამეთუ რუსეთია აგრესორი, რომელიც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.
"მე არ მგონია, რომ საქართველოს ბოდიშის მოხდა სჭირდება რუსეთის მიერ შეჭრის გამო, ისევე, როგორც საქართველოს ბოდიშის მოხდა არ სჭირდება იმ ფაქტის გამო, რომ რუსეთი აგრძელებს მისი ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას. რუსეთი იყო აგრესორი, როდესაც შეიჭრა საქართველოში, ისევე, როგორც რეგიონის სხვა ქვეყნებში. უკრაინა ამის ყველაზე ცნობილი მაგალითია", - თქვა მეთიუ მილერმა.
გორში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ივანიშვილმა განაცხადა: „ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმებს“.