ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა დაუბრუნდება იმ გზას, რომლისკენაც მისი ხალხი ისწრაფვის, - მერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს გამოცხადებული სანქციები აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის მუდმივი გადახედვის შედეგია.
მეთიუ მილერმა ასევე აღნიშნა, რომ "საქართველოს მთავრობას შეუძლია დაუბრუნდეს თავის ევროატლანტიკურ ტრაექტორიას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით".
"დღეს აშშ აწესებს სანქციებს ორი ქართველი მაღალჩინოსნისა და ძალადობრივი ექსტრემისტული დაჯგუფების ორი ლიდერის წინააღმდეგ, ასევე შემოაქვს სავიზო შეზღუდვები 60-ზე მეტი პირის მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილეობისთვის, კორუფციული ქმედებებისთვის და სხვა ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის.
ეს ქმედებები არის ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის მუდმივი გადახედვის შედეგი, საქართველოში მუდმივი ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო, ასევე საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის ლიდერების ცრუ განცხადებების გამო, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობასთან ჩვენი ათწლეულის მანძილზე ურთიერთობის სულისკვეთებას...
შეერთებული შტატები იყო საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ყველაზე დიდი მხარდამჭერი ბოლო 32 წლის განმავლობაში. ჩვენი დახმარება ფოკუსირებულია იმაზე, რომ საქართველო გახდეს უფრო ძლიერი, უფრო წარმატებული და ქმედითუნარიანი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა დაუბრუნდება იმ გზას, რომლისკენაც მისი ხალხი ისწრაფვის"- განაცხადა მილერმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქესა და მათი ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. მათ შორის არიან ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები, სპეცდანიშნულების დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური.
ასევე სანქციები დაუწესდა პრორუსული ალტ ინფოს დამფუძნებლებს კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს.