გაერთიანება “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძეს თქმით, გიორგი გახარიასთან საუბრისთვის მზად არის და იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებების შედეგი დადგება - შემდეგ აცნობებენ სალომე ზურაბიშვილს.
ხაზარაძე გამოეხმაურა პრეზიდენტის შეთავაზებას, პარტიების ორბელიანების სასახლეში, გაერთიანების საკითხზე მოსალაპარაკებლად მიწვევის შესახებ.
"მე მივესალმები პრეზიდენტის ძალისხმევას საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდასაჭერად და მისი მხრიდან ამ საქმეში “ძლიერი საქართველოს” როლისა და მნიშვნელობის ხაზგასმას.
როგორც უკვე განვაცხადე, ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის და ამისთვის გვერდზე გადავდოთ ყველა პიროვნული საკითხი. ჩვენი გაერთიანება, "ძლიერი საქართველო“ ამის დასტურია.
დღეს დილით მე გამოვთქვი მზადყოფნა, ვისაუბრო გიორგი გახარიასთან ამ თემაზე თუ ეს ქვეყანას გამარჯვებას მოუტანს.
თუ, და, როცა იქნება რაიმე ტიპის გადაწყვეტილება ამ მოლაპარაკების შედეგების შესახებ, ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ ამას საქართველოს პრეზიდენტს." - წერს ხაზარაძე.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა და კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში დაპატიჟა.