“ნებისმიერი გადაწყვეტილება ახალი პარტნიორის დამატებაზე კოალიციაში - „ძლიერი საქართველო“ - მიიღება ერთობლივად ოთხივე წევრის მიერ”, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ ავრცელებს.
„ნებისმიერი გადაწყვეტილება ახალი პარტნიორის დამატებაზე კოალიციაში - „ძლიერი საქართველო“ - მიიღება ერთობლივად ოთხივე წევრის მიერ.
„თავისუფლების მოედნის“ პოზიციას განსაზღვრავს ჩვენი წევრების და მხარდამჭერების ღირებულებები და ინტერესები. ჩვენ წარმოვადგენთ პატიოსან, პროფესიონალ და პატრიოტ მოქალაქეებს, რომლებიც იბრძვიან დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებებისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის რუსული გავლენის საწინააღმდეგოდ.
ჩვენს მხარდამჭერებს ეს ბრძოლა ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად უჯდებათ - რეზინის ტყვიების, მომწამლავი აირისა თუ ხელკეტების პირისპირ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო ტაქტიკის საკითხები, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის ფასეულობები და პრინციპები, რომელთა დასაცავადაც უაღრესად რთულ დროს გადავწყვიტეთ პოლიტიკური საქმიანობის დაწყება.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა და კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში დაპატიჟა.