"მოვითხოვთ, ივანიშვილმა ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე იმ მოღალატეობრივი განცხადების გამო, რომელიც გორში გაკეთდა და სიმბოლურია, რომ რუსეთმა ეს განცხადება ივანიშვილს სწორედ გორში გააკეთებინა", - განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ბეჟაშვილი ალვანში, გიორგი ანწუხელიძის მემორიალთან.
""ივანიშვილის მოღალატეობრივი განცხადება კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ნიღაბი ჩამოიხსნა და დღეს ივანიშვილის პარტია გადაქცეულია რუსეთის ინტერესების გამტარებლად. მოღალატეობრივმა განცხადებამ შეძრა სრულიად საქართველო და განსაკუთრებით, კახეთი, სადაც რუსული აგრესიის მსხვერპლი უამრავი ეროვნული გმირია დასაფლავებული.
სწორედ ამიტომ მოვითხოვთ ჩვენ, რომ ივანიშვილის პარტიამ და თავად ივანიშვილმა მოიხადონ ბოდიში ქართული საზოგადოების, ვეტერანების, თითოეული ქართველი გმირის ოჯახის წევრების წინაშე იმ მოღალატეობრივი განცხადების გამო, რომელიც გორში გაკეთდა და სიმბოლურია, რომ რუსეთმა ეს განცხადება ივანიშვილს სწორედ გორში გააკეთებინა. ამიტომ მოვითხოვთ, რომ ივანიშვილმა ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე, ხოლო საზოგადოებამ 26 ოქტომბერს უნდა გააკეთოს ნათელი არჩევანი ევროპული კეთილდღეობისკენ და არა სიღატაკისა და იზოლაციისკენ, რასაც გვთავაზობს ივანიშვილი რუსული ვექტორის გავლენით. სწორედ 26 ოქტომბერი უნდა იყოს პასუხი იმ მოღალატეობრივ განცხადებაზე, რომელიც ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.