აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) განაცხადა, რომ სროლა ფლორიდაში, ვესტ პალმ ბიჩში, გოლფკლუბში, როგორც ჩანს რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატის დონალდ ტრამპის მკვლელობის კიდევ ერთი მცდელობა იყო.
უწყების წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ FBI-ს ყველა რესურსი გამოყენებული იქნება ინციდენტის გამოსაძიებლად.
პალმ ბიჩის ოლქის შერიფმა რიკ ბრედშოუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინციდენტში ეჭვმიტანილი დაკავების დროს შეუიარაღებელი და "შედარებით მშვიდი" იყო. მამაკაცს არ გაუკეთებია განცხადება სავარაუდო მკვლელობის მცდელობაში მისი მონაწილეობის შესახებ.
ბრედშოუს თქმით, ბუჩქებში, სადაც ეჭვმიტანილი იმალებოდა, იპოვეს AK-47-ის ტიპის ავტომატი, GoPro-ს კამერა და ორი ზურგჩანთა, რომელშიც კერამიკული ფილები იყო.
თავად ტრამპმა უკვე გაუგზავნა წერილი თავისი კამპანიის დონორებს, სადაც დაარწმუნა მხარდამჭერები, რომ ის ჯანმრთელად და უსაფრთხოდაა.
„ჩემს მახლობლად გასროლის ხმა ისმოდა, მაგრამ ვიდრე ჭორები უკონტროლოდ გავრცელდება, მინდა, რომ პირველებმა გაიგოთ: უსაფრთხოდ და ჯანმრთელად ვარ. ვერაფერი შემაჩერებს. არასოდროს დავნებდები. მე ყოველთვის მეყვარებით თქვენი მხარდაჭერისთვის", - დაწერა მან.