შეერთებული შტატები არ გეგმავს პოლიტიკის შეცვლას უკრაინისთვის შორი მანძილის რაკეტების გამოყენების უფლების მიცემის თაობაზე. იუწყება Reuters
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის დაგეგმილი შეხვედრის პარალელურდ განაცხადა, რომ მოსალოდნელი არ არის აღნიშნულ საკითხზე მნიშვნელოვანი განცხადებები.
"ჩვენი პოზიცია უკრაინისთვის შორი მანძილის რაკეტების რუსეთის სიღრმეში დარტყმებთან დაკავშირებით არ შეცვლილა. ამ საკითხზე მნიშვნელოვანი განცხადებების მოლოდინი არ მექნებოდა", - თქვა მან.
გარდა ამისა, კირბიმ თქვა, რომ შეერთებული შტატები სერიოზულად ეკიდება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გაფრთხილებას, რომ ის უკრაინის მიერ შორი მანძილის რაკეტების გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე, კონფლიქტში დასავლეთის უშუალოდ ჩართვად განიხილავს.
12 სექტემბერს პუტინმა თქვა, რომ უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური რაკეტების გამოყენების უფლების მიცემა ნიშნავს ნატო-სა და ევროპის ქვეყნების პირდაპირ მონაწილეობას უკრაინის ომში.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა პუტინის განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ უკრაინაში ომი სწორედ რუსეთის პრეზიდენტმა დაიწყო და მისი დასრულება ნებისმიერ დროს შეუძლია.
ევროკავშირმა განაცხადა, რომ პუტინის მუქარა არ შეცვლის ევროკავშირის პოზიციას უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.