"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ნადირაძე 2 500 ლარით დააჯარიმეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ ნადირაძე ადმინისტრაციული წესით, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში სამართალდამრღვევად ცნო.
ნადირაძე ამბობს, რომ მოსამართლემ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა.
“დღევანდელმა ე.წ.-მა სასამართლომ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენი დაკავება იყო აბსოლუტურად უკანონო და ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ადამიანებს არ ვესაუბროთ პრობლემებზე - ფასების ზრდაზე, უმუშევრობაზე, ემიგრაციაზე.
პროცესზე მოიყვანეს მხოლოდ ოთხი პოლიციელი, რომელთაც ჰქონდათ აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები. გვითხრეს, რომ თურმე აატარებდნენ სპეცოპერაციას და სპეცოპერაციის დროს ნაწილი ამბობდა, რომ კამერა არ მუშაობდა და გაფუჭებული იყო, ნაწილი ამბობდა, რომ არ აწარმოებდნენ გადაღებას. ამბობდნენ, რომ 50-მდე ადამიანი უშლიდა ხელს, მაგრამ დაადასტურეს, რომ მაინც და მაინც ამდენი ადამიანიდან აგვარჩიეს ჩვენ - გლდანის საარჩევნოს ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი ეძგვერაძე და სამგორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ნადირაძე. ეს არის ერთი დიდი მასკარადი და მოსამართლე გავიდა შესვენებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ მორიგი ინსტრუქცია მიიღოს “ქართული ოცნებისგან” თუ რა სასჯელი უნდა მოგვცეს დღევანდელ სხდომაზე.
მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ნეიტრალური მოწმე იყო ადგილზე, არცერთი ნეიტრალური მოწმე არ დაუკითხავთ, არცერთი კამერა ამ ადამიანებს არ ამოუღიათ და იყვნენ დაკავებულები ცრუ ჩვენებების მიცემით თითქოს და იქ მოწმობა მაჩვენეს, რომ
პოლიციელები იყვნენ, თუმცა ფორმა არვის არ ეცვა და ამით ცდილობენ გაამართლონ ის დანაშაული, რაც ჩაიდინეს ირაკლი ეძგვერაძის და ჩემს წინააღმდეგ.” - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.