კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერი, საბა ბუაძე მაიკლ კარპენტერის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ დასავლეთი დაინტერესებულია, საქართველოში გადამწყვეტი არჩევნები მაღალი სტანდარტით ჩატარდეს.
მისი თქმით, ის გზავნილები, რაც ჯო ბაიდენის სპეციალურმა წარმომადგენელმა გააჟღერა, მიემართება იმ ხალხისკენ, რომლებიც შესაძლოა, "ძირგამომთხრელ საქმიანობაში ჩართულნი იყვნენ".
დაინტერესებულები და ჩართულები არიან, რომ აქ დაგეგმილი მართლაც სარეფერენდუმო მნიშვნელობის არჩევნები ჩატარდეს მაღალი სტანდარტით და იმ სტანდარტით, რომელსაც ექნება ნდობა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ასევე ევროკავშირისგან. ევროკავშირში ინტეგრაცია არის შეუძლებელი "ოცნების" პირობებში. ამას ძალიან კარგად ხედავენ ჩვენი პარტნიორები და ზუსტად ამას უკავშირდება ის ცალსახა გზავნილები იმ ხალხისთვის, რომელიც შესაძლოა, ჩართული იყოს სხვა ძირგამომთხრელ საქმიანობაში", - განაცხადა ბუაძემ.
„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა განაცხადა: “ვიმედოვნებთ, რომ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, ზოგიერთი ქმედება, რომელიც უკვე ვნახეთ, შემაშფოთებელია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით, როგორც უკვე ვახსენე, სამოქალაქო საზოგადოების აქტორების შევიწროების კუთხით... ასევე, ვნახეთ [საქართველოს] პრემიერის განცხადება, სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების კრიმინალიზაციასა, თუ უკანონოდ გამოცხადების შესახებ, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიის ნორმებს. ეს შეშფოთებას იწვევს. ჩვენ გავაგრძელებთ ძალზე ახლოდან დაკვირვებას და რა თქმა უნდა, ადგილზეც იქნებიან დამკვირვებლები.”