თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ყირიმის პლატფორმის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმი უკრაინას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად უნდა დაუბრუნდეს. იუწყება Anadolu
"ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი ურყევი რჩება. ყირიმის დაბრუნება უკრაინის შემადგენლობაში საერთაშორისო სამართლის მოთხოვნაა," - განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ ყირიმის ანექსიამ, რომელსაც თურქეთი ეწინააღმდეგებოდა პირველივე დღიდან, კიდევ უფრო გააღრმავა ყირიმელი თათრების ტანჯვა, რომლებმაც განიცადეს დეპორტაცია 80 წლის წინ.
მან ხაზი გაუსვა, რომ ყირიმელი თათრების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა თურქეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ერდოღანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყირიმელ თათრებს უფლება აქვთ იცხოვრონ თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდობიან სამშობლოში.
„სასიამოვნოა, რომ ივნისში, თითქმის სამწლიანი ტყვეობის შემდეგ, გაათავისუფლეს ყირიმელი თათრების ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე ნარიმან ჯელალი. ვიმედოვნებთ, რომ ყველა ყირიმელი თათარი, მათ შორის ძმები ასან და აზიზ ახტემოვები, მალე გათავისუფლდებიან“, - განაცხადა ერდოღანმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ ომი უკრაინაში დასრულდება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობით, რომელიც დაფუძნებულია უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე.