უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციამდე, რუსეთი კურსკის ოლქიდან უკრაინაზე ახალი შეტევის დაწყებას გეგმავდა. ამის შესახებ სირსკიმ CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„მან {კურსკის ოპერაციამ} შეამცირა მტრის შეტევის საფრთხე. ჩვენ გადავიტანეთ ბრძოლა მტრის ტერიტორიაზე, რათა მტერმა იგრძნოს ის, რასაც ჩვენ ყოველდღე ვგრძნობთ“, - თქვა სირსკიმ.
მთავარსარდლის თქმით, უკრაინელი სამხედროების ოპერაცია კურსკის რეგიონში ახლა წარმატებით მიმდინარეობს.
სირსკიმ წარმოადგინა ოპერაციის ძირითადი მიზნები: არ დაუშვას რუსეთმა კურსკი გამოიყენოს ახალი შეტევის პლაცდარმად; მოსკოვის ძალები სხვა მიმართულებებიდან გადაიყვანოს; შექმნას უსაფრთხოების ზონა და თავიდან აცილოს საზღვრის მიღმა ტერიტორიიდან უკრაინაში სამოქალაქო სამიზნეების დაბომბვა; სამხედროები ტყვედ აიყვანოს და აამაღლოს უკრაინის არმიისა და მთლიანად ერის საბრძოლო სულისკვეთება.
მთავარსარდალმა თქვა, რომ მოსკოვმა კურსკის ოლქში ათიათასობით სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანა, მათ შორის საუკეთესო სადესანტო-მოერიშე ძალები.
ამის წყალობით უკრაინულმა ძალებმა მოახერხეს რუსული ჯარების წინსვლის შეჩერება პოკროვსკის მიმართულებით, სადაც რუსები ყველაზე მეტ ზეწოლას ახდენენ.
„ბოლო ექვსი დღის განმავლობაში მტერმა პოკროვსკის მიმართულებით ერთი მეტრითაც ვერ დაწინაურდა, ანუ ჩვენი სტრატეგია მუშაობს.
ჩვენ მათ ჩამოვართვით მანევრირების და სხვა მიმართულებიდან ძალების გადასროლის შესაძლებლობა... და ეს შესუსტება, რა თქმა უნდა, იგრძნობა სხვა მიმართულებითაც.
ჩვენ შევნიშნეთ, რომ შემცირდა საარტილერიო თავდასხმების რაოდენობა, ისევე როგორც შეტევის ინტენსივობა“, - განაცხადა სირსკიმ.
სირსკის თქმით, უდავოა, რომ უკრაინას არ გააჩნია იმდენი იარაღი და ადამიანური რესურსი, რამდენიც რუსეთს, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს აიძულებს უკრაინას გახდეს უფრო ჭკვიანი და ეფექტური ომის წარმოებაში.