შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა, აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული "ჰამასის" რამდენიმე ლიდერს ბრალი წაუყენა ტერორიზმში, მკვლელობის მიზნით შეთქმულების მომზადებასა და სანქციების თავიდან აცილებაში.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებები დაკავშირებულია "ჰამასის" ლიდერების ცენტრალურ როლთან 2023 წლის 7 ოქტომბრის ტერორისტული აქტების დაგეგმვაში, მხარდაჭერასა და განხორციელებაში.
"იუსტიის დეპარტამენტმა ბრალი წაუყენა იაჰია სინვარსა და "ჰამასის" სხვა მაღალჩინოსნებს ამერიკის მოქალაქეები მკლვლეობისა და შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრის მიზნით კამანიის დაფინანსებაში, ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობაში ათწლეულების მანძილზე", - განაცხადა იუსტიციის მდივანმა და გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა.
მერიკ გარლანდმა კიდევ ერთხელ გაიხსენა, რომ ბრალდებულებმა 7 ოქტომბერს ისრაელის მუსიკალურ ფესტივალზე მოკლეს დაახლოებით 1200 ადამიანი, მათ შორის აშშ-ის 40-ზე მეტი მოქალაქე და გაიტაცეს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე.
ექსპერტების მოსაზრებით, ბრალდება მეტწილად სიმბოლური იქნება, რადგან სინვარი წლებია მიწისქვეშა გვირაბთა სისტემაში იმალება, ხოლო სამი სხვა ბრალდებული სავარაუდოდ უკვე მოკლულია.
შეგახსენებთ, 30 აგვისტოს ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ისრაელის თავდაცვის ძალებმა "ჰამასის" მიერ გატაცებული მძევლების, 4 მამაკაცისა და 2 ქალის ცხედარი იპოვა.
31 აგვისტოს ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ "მძევლები მათი ცხედრების პოვნამდე 2-3 დღით ადრე არიან მოკლულნი რამდენიმე გასროლით ახლო მანძილიდან".
ისრაელზე ჰამასის თავდასხმიდან 11 თვის შემდეგ, ისრაელის მხარის ცნობით, 97 მძევალი რჩება ტერორისტების ხელში.