რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი ეთნიკური ქართველების ქონებრივ უფლებებთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებას "ფარსს" უწოდებს.
"ფარსია ის, რასაც რუსეთში ამ კუთხით ლაპარაკობენ, რადგან ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის კომისიის გადაწყვეტილება სხვა რამეზე მეტყველებს და ის ადასტურებს, რომ აფხაზეთში ქართველების ეთნიკური წმენდა გრძელდება და რუსეთის ფედერაცია ამის მონაწილეა. მეტიც, არა მხოლოდ მონაწილე, არამედ ეთნიკური წმენდის განხორციელების პოლიტიკის შემქმნელი", - განუცხადა ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს ლავროვის დღევანდელ განცხადებაზე კომენტირებისას.
ამასთან, რეინტეგრაციის მინისტრის შეფასებით, თავად აღნიშნული კომისია არალეგიტიმურია და შესაბამისად, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს სამართლებრივი მნიშვნელობა არ აქვთ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. კომისიამ ეთნიკურად ქართველების ქონებრივი პრეტენზიების განხილვაზე უარი თქვა. ეს იმ ქართველებსაც შეეხება, რომლებიც ამჟამად რუსეთის მოქალაქეები არიან. აღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი განურჩევლად ეთნიკური ნიშნისა რუსეთის მოქალაქეების უფლებებს დაიცავს.