ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გააგრძელოს სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორში ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის" დამარცხებამდე და მათ ხელში ჩავარდნილი ისრაელელი მძევლების გათავისუფლებამდე. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ 2 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას შემდეგ, რაც ქალაქ რაფაჰთან სიახლოვეს, ერთ-ერთ გვირაბში მოკლული 6 ისრაელელი მძევლის ცხედარი იპოვეს.
ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ისრაელის თავდაცვის ძალებმა 4 მამაკაცისა და 2 ქალის ცხედარი 30 აგვისტოს იპოვა.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 31 აგვისტოს ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ "მძევლები მათი ცხედრების პოვნამდე 2-3 დღით ადრე არიან მოკლულნი რამდენიმე გასროლით ახლო მანძილიდან".
2 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, ნეთანიაჰუმ ბოდიში მოუხადა მსხვერპლთა ოჯახებს იმის გამო, რომ ისრაელის ხელისუფლებამ ვერ შეძლო მათი სახლში ცოცხლად დაბრუნება.
"ჩვენ ახლოს მივედით, მაგრამ წარმატებას ვერ მივაღწიეთ", - თქვა ნეთანიაჰუმ და დასძინა, რომ "ჰამასი" ამ თავზარდამცემი დანაშაულისთვის მაღალ ფასს გადაიხდის.
ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების თაობაზე, ისრაელსა და "ჰამასს" შორის მოლაპარაკებებში პროგრესის არარსებობის ფონზე, ისრაელი მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა.
2 სექტემბერს დილის 8 საათიდან, მძევლების ოჯახებისადმი სოლიდარობისა და ხელისუფლებისადმი პროტესტის ნიშნად, ისრაელში დაიწყო საყოველთაო გაფიცვა, რომელსაც სათავეში ედგა უდიდეს პროფკავშირების კონფედერაცია.
გაფიცვა შეეხო სკოლების, საავადმყოფოების, მაღაზიების, რესტორნების, ტრანსპორტისა და სხვადასხვა საწარმოს მუშაობას. გაფიცვას შეუერთდნენ თელ-ავივისა და ჰაიფას ადმინისტრაციების თანამშრომლები.
2 სექტემბერს დილით, ყველა ფრენა გაუქმდა თელ-ავივის ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტში ორი საათით, თუმცა შემდეგ ჩვეულ რეჟიმში განახლდა. ათასობით მოქალაქე გამოვიდა თელ-ავივის ცენტრში და გადაკეტა ერთ-ერთი მთავარი გამზირი.
იმავე დღეს, 2 სექტემბერს შრომის სასამართლომ გაფიცვის დაუყოვნებლივ შეჩერება ბრძანა, რადგან გაფიცვაში მონაწილეთა მოთხოვნები პოლიტიკური ხასიათის იყო და არანაირი კავშირი არ ჰქონდა ტარიფების საკითხთან. პროფკავშირების კონფედერაცია დაეთანხმა სასამართლოს გადაწყვეტილებას.