"ჩვენი ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება საქართველოში, ამიტომ დამსახურებულად უწოდებს ჩვენი ხალხი მას მშვიდობისმყოფელს, მშვიდობის მომტანს, ხოლო ჩვენს პარტიას – „ქართულ ოცნებას“ – მშვიდობის პარტიას", – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ოზურგეთში განაცხადა.
მისი თქმით, 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს სიმართლე, მშვიდობა, თავისუფალი საქართველო და პარტია "ქართული ოცნება".
„მიხარია, რომ ჩვენი საამაყო გურულები ისევე არიან მოტივირებული გასამარჯვებლად, როგორც 2012 წლის პირველ ოქტომბერს და მჯერა, 26 ოქტომბერს გურია და ბრძენი გურულები სწორ არჩევანს გააკეთებენ და, პირველ რიგში, აირჩევენ მშვიდობას. ვინ თუ არა გურულებმაიცით მშვიდობის ფასი და მშვიდობის განსაკუთრებული მნიშვნელობა. 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვება სწორედ მშვიდობის გამარჯვება იყო, ვინაიდან სწორედ პირველ ოქტომბერს ჩაეყარა საფუძველი ჩვენს ქვეყანაში იშვიათ, ხანგრძლივ და უწყვეტ მშვიდობიან პერიოდს. სწორედ ჩვენი ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება საქართველოში, ამიტომ დამსახურებულად უწოდებს ჩვენი ხალხი მას მშვიდობისმყოფელს, მშვიდობის მომტანს, ხოლო ჩვენს პარტიას – „ქართულ ოცნებას“ – მშვიდობის პარტიას. გურულებს არ გეშლებათ თეთრის და შავის გარჩევა, მშვიდობის პარტიის და ომის პარტიის ამოცნობა, კარგად იცით, ვინ არის ომის პარტია და ვინ არის მშვიდობის პარტია, ვინ არის ომის მომტანი, ომის და ქაოსის, ომის და უბედურების, ნგრევის და განადგურების პარტია, ჩაგვრის, უსამართლობის და სიკვდილის პარტია და ვინ არის მშვიდობის, თავისუფლების, სტაბილურობის, განვითარების, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის მომტანი, მრავალი კეთილდღეობის და ყველა მიმართულებით განვითარების მომტანი პარტია“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.