ჩვენი ხალხი კარგად ხედავს მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობას, 26 ოქტომბერს ან ავირჩევთ მშვიდობას, ქვეყნის წინსვლას და განვითარებას, ღირსეულ ევროპულ მომავალს, ან ავირჩევთ ომის პარტიას, რომელიც აუცილებლად მოიტანს ომს, ქაოსს, სიკვდილს და უბედურებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დღეს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ – ომის პარტია, თავისი სატელიტური პარტიებითა და „ენჯეოებით“, განაწილებულნი არიან სხვადასხვა ფრონტზე, ხალხს ატყუებენ, თითქოს სხვადასხვა ძალას წარმოადგენენ და თითქოს მათი სურვილია ეგრეთ წოდებული კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება.
„ახლა კითხვა დავსვათ: ვინ არის დღეს მთავარი ოპოზიციური პარტია? სამწუხაროდ ისევ იგივე ბოროტი ძალა – ომის პარტია, რომელმაც ათასი უბედურება მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ომი, ოკუპაცია, ტერიტორიების დაკარგვა, გაჩუქება, გადაცემა, ათასი უბედურება ჩვენს ხალხს მოუტანა. ხოლო ყველა სხვა დანარჩენი მათი თანამოაზრე, მათი მოკავშირე, მათ მიერ შექმნილი, ხელოვნურად გაყოფილი პარტია თუ ახლად შექმნილი გაერთიანებები და კოალიციები იბრძვიან მხოლოდ 5-იანი ბარიერის გადასალახად, რათა შემდეგ ისევ ამ ბოროტ ძალასთან ერთად „ნაციონალურ მოძრაობასთან“, თავიანთ მთავარ დედა პარტიასთან ერთად შექმან კოალიცია. შესაბამისად, ჩვენი ბრძენი ხალხი კარგად ხვდება, რომ ეს არის ტყუილი! კოალიციის შექმნის დაპირებით ატყუებენ ხალხს და ეუბნებიან, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოსწონთ, ხმა მისცენ ნებისმიერ სხვა პარტიას, და ვინ არიან ეს სხვა პარტიები? ეს სხვა პარტიები აცხადებენ, რომ კოალიცია უნდა შექმნან ისევ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, შესაბამისად, ეს ხომ ხაფანგია! ესეც ხომ ტყუილია. არავითარი სხვა ალტერნატივა, უკეთესი ოპოზიციური პარტია არ არსებობს დღეს საქართველოში. რომელია სხვა პარტია, რომელიც არ შეუერთდება სააკაშვილის პარტიას და ომის კოალიციას, ომის კოალიციურ მთავრობას, რომელი? სისხლიანი პროკურორი გვარამიას და ზონდერი მელიას ახალი პარტია და მასში შემავალი ლუზერების პარტიები, თუ სააკაშვილის რეკეტიორი და ბიზნესის მოროდიორი ხაზარაძის პარტია „ლელო“ და მის მიერ ახლახან ნაყიდი 1%-იანი პარტიები, თუ მოღალატე გახარიას პარტია, თუ რომელი? ვინ არის მათი ლიდერი, ვისაც ხალხი უნდა გაჰყვეს? ვინ არის ჩვენი ლიდერის – ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი პარტიის, „ქართული ოცნების“ ალტერნატივა? ალტერნატივა არ არსებობს! ან ავირჩევთ ომს, ან ავირჩევთ მშვიდობას! სხვა ალტერნატივა არ არსებობს! და გაუცნობიერებული, რაღაც უკეთესის ან რაღაც აბსტრაქტული, კოალიციური მთავრობის და, ზოგადად, უკეთესის ძიებაში გარანტირებულად მივიღებთ უარესს! მეგობრებო, არ არსებობს იდეალური მმართველი ძალა, არ არსებობს იდეალური პარტია, არ არსებობს იდეალური მთავრობა, მაგრამ დღეს არ არსებობს „ქართულ ოცნებაზე“ უკეთესი ალტერნატივა!“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.