ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინის შეჭრა რუსეთის კურსკის ოლქში კანონიერია და კიევის თავდაცვის უფლების ნაწილს წარმოადგენს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ეს არის იენს სტოლტენბერგის პირველი კომენტარი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის ტერიტორიაზე წამოწყებულ შეტევაზე.
„უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და საერთაშორისო სამართლის თანახმად, ეს უფლება საზღვარზე არ მთავრდება“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ ნატო-ს ხელმძღვანელობას წინასწარ არ ჰქონდა ინფორმაცია უკრაინის გეგმების შესახებ და მათში არანაირი როლი არ უთამაშია. მანამდე ანალოგიური განცხადებები სხვა დასავლელმა პოლიტიკოსებიც გააკეთეს.
ამასთან ერთად, ნატო-ს ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ უკრაინა კურსკის ოპერაციის გამო საფრთხის წინაშეა, თუმცა, მისი თქმით, კიევმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ წარმართოს სამხედრო მოქმედებები.
„პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნათლად განაცხადა, რომ ოპერაცია მიზნად ისახავს ბუფერული ზონის შექმნას რუსეთის შემდგომი თავდასხმების თავიდან ასაცილებლად. როგორც ყველა სამხედრო ოპერაცია, ესეც რისკებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ეს უკრაინის გადაწყვეტილებაა, როგორ დაიცვას თავი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.